საქართველოში საკარანტინო ზონაში 1008 ადამიანი იმყოფება

კარანტინის რეჟიმში მოთავსებული ადამიანების რიცხვი 1008-მდე გაიზარდა. ინფორმაცია სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე StopCov.ge – ზე ახლახან განახლდა. ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, 16 მარტის მონაცემებით, COVID 19-ით ინფიცირებულია 33 ადამიანი, ხოლო 64  პირი სტაციონარშია მეთვალყურეობის ქვეშ.

მედიკოსები დღეს გვიან ღამით, ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ 14 ტესტის პასუხს ელოდებიან.

ჯანდაცვის სამინისტრომ თვითიზოლაციის მოთხოვნის სპეციალური ფორმა შეიმუშავა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში შემოსვლის მსურველებს საკარანტინე ზონის ნაცვლად თვითიზოლაციაში მოთავსების შესაძლებლობა ეძლევათ.

მოგზაურებმა საქართველოში ჩამოსვლამდე 3 დღით ადრე უნდა შეავსონ სპეციალური მოთხოვნის ფორმა, სადაც პირადი მონაცემების, საიზოლაციო სივრცისა და ადგილზე საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციას მიუთითებენ.

შევსებული კითხვარი უნდა გააგზავნონ მისამართზე covisolation@moh.gov.ge, რის შემდეგაც უწყების წარმომადგენლები, მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო პირთან ერთად, მოახდენენ საიზოლაციო სივრცეების წინასწარ შეფასებას და განაცხადის შესაბამისად დაკმაყოფილებას.
თვითიზოლაციის მოთხოვნა ასევე შესაძლებელია საკარანტინე სივრცეში მოთავსებული პირებისთვის.

ჯანდაცვის სამინისტრო თვითიზოლაციაში მყოფი მოაქალაქეების მკაცრ მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button