ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე მომუშავე ევროპარლამენტის წევრები საქართვლოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შეთანხმებას ულოცავენ

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე მომუშავე ევროპარლამენტის წევრები საქართვლოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასული კვირადღე გარდამტეხი იყო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რადგან ქვეყნის ძირითადი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელმოწერით საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთანხმდნენ.

„შეთანხმების მიხედვით, 2020 წლის საარჩევნო სისტემა დაფუძნებულია 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატზე. ჩამკეტი მექანიზმი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ პროპორციულ არჩევნებში ხმების 40 პროცენტზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ შექმნას საპარლამენტო უმრავლესობა. პროპორციული არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შეადგენს ერთ პროცენტს. ვულოცავთ ამ ზოგჯერ რთული პოლიტიკური დიალოგის ყველა მონაწილეს, რომ მათ უპირატესობა მიანიჭეს თავისი ქვეყანისა და მისი მოქალაქეების ინტერესებს. ასევე, მადლობას ვუხდით დიპლომატებს, ვინც ღირებული მედიაციის საშუალებით ამ პროცესს ფასილიტაცია გაუწია – კერძოდ, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, მის აღმატებულებას კარლ ჰარცელს. ასევე მოხარულნი ვართ აღვნიშნოთ, რომ ხელმომწერებმა აიღეს ვალდებულება, ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და თავიდან აიცილონ ისეთი ქმედებები, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც საქართველოში მიმდინარე სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია.

კვლავ გვსურს აღვნიშნოთ სასამართლო სისტემისადმი ნდობის დამყარების მნიშვნელობა და მოვუწოდოთ საკვანძო თანამდებობებზე ისეთი დანიშვნების თავიდან აცილებას, რომელიც ამ პროცესს ხელს არ შეუწყობს. მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, სრულად განახორციელონ შეთანხმება და უზრუნველყონ პარლამენტის მიერ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებელი მიღება, რომ მომდევნო არჩევნები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდეს, რადგან ეს ნაბიჯები საქართველოს პოლიტიკური პოლარიზაციის შემდგომი შემცირებისა და მისი დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის გადამწყვეტი იქნება.

ასევე შეგახსენებთ, რომ პლურალისტული და დაბალანსებული მედია უმნიშვნელოვანესია შეუფერხებელი და წარმატებული საარჩევნო პროცესისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ დევიდ მაკალისტერი („ევროპის სახალხო პარტია“, გერმანია), ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალჯურანდი („სოციალისტები და დემოკრატები“, ესტონეთი), ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე სვენ მიქსერი („სოციალისტები და დემოკრატები“, ესტონეთი), ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი („მწვანეები“/„ევროპის თავისუფალი ალიანსი“, გერმანია).

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button