გამყრელიძე: ჩვენ გვაქვს საკარანტინო სივრცეების და შესაბამისი პოლიპროფილური საავადმყოფოების რეზერვი, სამედიცინო ქსელი მზად არის

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში არის სამედიცინო ქსელის მზადყოფნა, რომ ადამიანებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ.

ამის შესახებ მან დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მას შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

„სამედიცინო ქსელის მზადყოფნა არის, მზადყოფნა დაადასტურა მინისტრმაც, ჩვენთან არის რეზერვი, როგორც საკარანტინო სივრცეების, ისე შესაბამისი პოლიპროფილური საავადმყოფოების, სადაც გახლავთ ყველა საშუალება, რომ ადამიანებს გაეწიოთ შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, „არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.

„შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით, იქნებოდა და შესაძლებელია, კიდევ იყოს, მაგრამ ჩვენ ერთი მხრივ, პრევენცია უნდა მოვახდინოთ სხვა შემთხვევების შემოტანის, დამერწმუნეთ, ეს რთული იქნება, მეორე მხრივ კი, ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ შესაბამისად, ამ ადამიანებს ადრეულ ეტაპზე გაეწიოთ სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა ამირან გამყრელძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, შემთხვევების 81 პროცენტი მიმდინარეობს მსუბუქად, სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, შესაძლებელია, სერიოზული სამედიცინო ჩარევების გარეშეც; შემთხვევის დახლოებით 14-15 პროცენტში არის ე.წ. მწვავე მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს აქტიურ სამედიცინო დახმარებას; ხოლო ხუთი პროცენტი – კრიტიკული მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს რეანიმაციულ დახმარებას.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button