საქართველოს მთავრობამ ირანთან ფიზიკური პირების მიმოსვლა შეზღუდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა.

როგორც ცნობილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების დღიდანვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, შექმნილია მთავრობის უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უწევს.

როგორც ცნობილია, ამჟამად კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ჩინეთის შემდგომ, დაფიქსირდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. საქართველოს მთავრობა მუდმივად კავშირზეა ირანის ხელისუფლებასთან, რათა ოპერატიულ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია შექმნილი მდგომარეობის და მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე შეჩერდება მგზავრების შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება.

ამ ეტაპზე, გადაადგილებისთვის დარჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა დაწესდება მკაცრი შეზღუდვები.

საქართველოს მთავრობა აკვირდება მოვლენების განვითარებას და მომავალში, თუ ამის საჭიროება დადგა, არ არის გამორიცხული, სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვაც.
საქართველოს მთავრობამ უკვე გააფრთხილა საქართველოს მოქალაქეები, თავი შეიკავონ ირანში მგზავრობისგან.

ავტორი: მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button