მთავარიდღის თემაარჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა, დღეს წილკანში მისი სახელობის სკვერი გაიხსნა

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა, დღეს წილკანში მისი სახელობის სკვერი გაიხსნა

არჩილ ტატუნაშვილის  მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. დღეს წილკანში, ქართველი გმირის სახელობის სკვერი გაიხსნა.სკვერის გახსნას არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ. წილკანში იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი.

„ეს ქვეყანა ყველასია და ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს ცხოვრებაში აღარ იყოს. მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები, რომ აღარ იქნება ჩვენს ცხოვრებაში, გვექნება შესაძლებლობა, რაღაც ხიდები აღვადგინოთ. ჩვენი საბოლოო მიზანი და არჩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანიც იყო ქვეყნის გაერთიანება, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ შრომით, მშვიდობიანად და არა ტრაგიკული მსხვერპლებით, ომითა და უბედურებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, დაბა ახალგორში დააკავა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. 2018 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო „ემპათიის“ მიერ მომზადებული სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა შევიწროებისა და მკვლელობის გამო სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი აქვს შეტანილი საქართველოს სახელმწიფოსაც.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 24 მარტს, ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს. იგი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

ავტორი: მაიკო ძლიერიშვილი

პოპულარული სიახლეები