მიხეილ კალანდიამ 9 თვიანი დუმილი დაარღვია – ბრალდებულმა ხორავას ქუჩაზე მომხდარის დეტალებზე საჯაროდ პირველად ისაუბრა

დღევანდელ სასამრთლო პროცესზე, ბრალდებულმა 9 თვიანი დუმილი დაარღვია. მან ხორავას ქუჩაზე მომხდარის შესახებ დეტალებზე პირველად ისაუბრა. მიხეილ კალანდიამ 20 წუთიანი მონოლოგი, გარდაცვლილების ოჯახების მიმართ სამძიმრით დაიწყო და საკუთარ უდანაშაულობაზე გაამახვილა ყურადღება. მან მოსამართლეს რამდენჯერმე შეახსენა, რომ მისი მომავალი სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

5 საათის განმავლობაში ცდილობდა დაცვის მხარე სახელმწიფო ბრალდების გაბათილებას. ამ დროის განმავლობაში მიხეილ კალანდიას ადვოკატები დაკავებულის უდანაშაულობაზე საუბრობდნენ. დაცვის მხარის მტკიცებით, საქმის მსვლელობის პროცესში წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალის დასამტკიცებლად არასაკმარისია.
ის, რაც დაცვის მხარისთვის არასაკმარისია, დანაშაულის დამტკიცების საფუძველია პროკურატურისთვის.

კალანდიას ოჯახის წევრებს, მოსამართლის მხრიდან, გამამართლებელი განაჩენის იმედი არ აქვთ. ისინი დავის გაგრძელებას ჯერ საქართველოს ყველა შესაბამის ინსტანციაში, შემდგომ კი სტრასბურგში გეგმავენ.

საქალაქო სასამართლომ 8 თვიანი საქმის განხილვა, დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის მოსმენით დაასრულა. დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი 25 თებერვალს გამოაცხადებს.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button