ვანო მერაბიშვილი – “მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს ხელისუფლება ერთ წელიწადში დასრულდება”

საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი თავისუფალია. მან ე.წ. მატროსოვის ციხე, რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლებს.

“მე კმაყოფილი ვარ, რომ არ წავედი არანაირ კომპრომისზე. უპირველეს ყოვლისა, არ წავედი კომპრომისზე საკუთარ თავთან.  მივმართავ ჩემს გულშემატკივრებსა და ახლობლებს, მათი მხარდაჭერით, რწმენითა და იმედით მე გავაგრძელებ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და გაძლევთ პირობას რომ ეს მთავრობა ქვეყანას წელსვე ჩამოსცილდება”

ამასთან, ვანო მერაბიშვილმა ქართველ პოლიციელებსაც მიმართა.

„მინდა, მივმართო ქართველ პოლიციელებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს, აღდგეს ნდობა, გაუმჯობესდეს მათი სოციალური მდგომაროება და ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროფესის ადამიანებისთვის საქართველოსთვის მსახურობა გახდეს არა ერთი კაცის და ერთი პარტიის მსახური, არამედ ქვეყნის სამსახურში ყოფნა“ ,- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

“მახარებს, რომ საქართველოში ოპოზიცია ერთიანია და ვფიქრობ, ამ ერთიანობით დავამარცხებთ დღევანდელ რეჟიმს. კონკრეტულ პარტიაზე აქამდე განცხადებებს არ ვაკეთებდი, რადგან მე ვიყავი იზოლაციაში და ჩამოცილებული პროცესებს. აქედან გამომდინარე, როგორც აქამდე ვერ ვაკეთებდი განცხადებებს, დღესაც არ შემიძლია განცხადებების გაკეთება. რაც საკნიდან გამოვედი, არაფერი შეცვლილა. ჩემი უახლოესი მეგობრები და მათ შორის თანამებრძოლები, თანაპარტიელები, დღეს სხვადასხვა პარტიაში არიან. მე ყველა მათგანს შევხვდები, გავეცნობი და მივიღებ გადაწყვეტილებას. მე მჭირდება დრო, პირველსავე ხელსაყრელ მომენტში ამის შესახებ გაიგებენ ჟურნალისტები.ჩემ წინააღმდეგ შეუძლიათ აღძრან 10 საქმე, მე ეს ვერ გამტეხს. გაძლევთ გარანტიას, რომ გავიმარჯვებთ და ყველა შეკითხვაზე იქნება პასუხი გაცემული, ქვეყანა წავა წინ”_ განაცხადა ყოფილმა შს მინისტრმა.

ამ ეტაპზე მერაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ პარტიასთან ერთად ან რა ფორმით იბრძოლებს. და რადგან, მისი მეგობრები და თანაგუნდელები ახლა სხვადასხვა პარტიაში არიან, აპირებს ყველა მათგანს შეხვდეს და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ავტორი: მაიკო ძლიერიშვილი

newsplus.ge – ის ჟურნალისტი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button