კახიძე: ერთი ხელით დიალოგისკენ მოგვიწოდებდნენ და მეორე ხელით ციხეში გიშვებენ

ივანიშვილმა თავად თქვა დიალოგზე უარი ოპოზიციის ლიდერის დაკავებით. ეს იყო პირდაპირი გამოწვევა და პასუხი დასავლეთს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომელიც სტრასბურგში იმყოფება.

როგორც კახიძე აცხადებს, ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს განცხადებებში საუბარია, რომ დიალოგია შეწყვეტა ლოგიკურია.

„ეს არის ივანიშვილის გამოწვეული, რადგან ჩვენ მოლაპარაკებებზე ვისხედით და უგულავა ივანიშვილმა დააპატიმრა. ჩვენ გვინდა და გვინდოდა საარჩევნო სისტემის ცვლილება. ამ დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა. ჩვენ გვსურს, რომ საარჩევნო სისტემა ასახავდეს ხალხის მხარდაჭერას. ევროკავშირისა და ევროპარლამენტის შუამდგომლობით პროცესს თუ შედეგი ექნება, ეს ძალიან კარგია ქართული დემოკრატიისთვის. ერთი ხელით დიალოგისკენ მოგვიწოდებდნენ და მეორე ხელით ციხეში გიშვებენ. ეს არ არის დიალოგი. ეს არის ძალმომრეობა. ეს არის ყველაზე ბინძური მეთოდებით თამაში და ამას არავინ აპატიებს ოცნებას. ამას არ აპატიებს ქართულ ოცნებას ქართული საზოგადოება. არგუმენტებს დამოუკიდებელ სასამართლოზე არ მიიღებს დასავლეთი. ეს ძალიან მკაფიოდ გამოჩნდება“, – განაცხადა კახიძემ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, ოპონენტებს დიალოგისკენ მოუწოდა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყდა, რაც უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button