ვოლსკი ევროპარლამენტარის განცხადებაზე: ჩვენც გვირჩევნია, ოპონენტები მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ

მინდა, ჩემს მეგობარ ნაჩო სანჩეს ამორს ვუთხრა, რომ ჩვენც გვირჩევნია, პოლიტიკური ოპონენტები მოლაპარაკების მაგიდასთან, პარლამენტში ისხდნენ და არ იყვნენ პიკეტირებისა და ბოიკოტის რეჟიმში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატი ასე ევროპარლამენტის წევრის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ნაჩო სანჩეს ამორმა Twitter-ზე დაწერა, ნებისმიერი პოლიტიკური მოთამაშე უნდა იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და არა ციხეში.

„გვირჩევნია, რომ ჩვენმა მაღალჩინოსნებმა, რომელთაც სამწუხაროდ გადაცდომა დაუშვეს ისევე, როგორც ოპოზიციის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, არ დაუშვან ბიუჯეტის ასეთი გაფლანგვა. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მკაცრ სასჯელს იხდიან და ორასჯერ ნაკლები დანაშაული მიუძღვით, არ მგონია, რომ ამორს ამაზე დამატებითი კითხვები გაუჩნდეს. საქმე ძალიან დიდ დანაშაულთან გვაქვს. სამწუხაროდ, გაცილებით მცირე დანაშაულისთვის „ქართული ოცნების“ სახელით წარდგენილი და გამარჯვებული მაღალჩინოსნები სასჯელს იხდიან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

პროკურატურა გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლაგვას ედავებოდა. 2018 წელს საქალაქო სასამართლომ ყოფილ მერს აღნიშნულ საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და სასამართლომ სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში 10 თებერვალს გადაიყვანეს. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button