ქართულმა დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნება გააპროტესტა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია ქართული დელეგაციის პროტესტით გაიხსნა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, უკრანასთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყნის დელეგაციის წევრებთან ერთად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნება გააპროტესტა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ხუთი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა დავაყენეთ რუსეთის საკითხი. იქნება განხილვები და დრო გვიჩვენებს, რამდენად იქნება გათვალისწინებული ჩვენი არგუმენტები“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ.

ამასთან, საპარლამენტო ასამბელაში ქართული დელეგაციის წევრის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს, იმ ვალდებულებებს, რაც მას სერთაშორისო სამართლით აკისრია.

„რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს, იმ ვალდებულებებს, რაც მას აკისრია სერთაშორისო სამართლით. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ კონსულტაციებს პარტნიორებთან ერთად ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენების მიზნით. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი ტრიბუნიდან ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, კიდევ ერთხელ შევახსენებთ რუსეთს, რომ უნდა შეასრულოს ვალდებულებები და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდისკენ“ ,- აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი გაასაჩივრეს ლიეტუვლმა ემანუელის ზინგერისმა და ლატვიელმა მარია გოლუბევამაც.

„ჩემი კოლეგების სახელით, მე გავასაჩივრებ რუსეთის ფედერაციის დელეგაციის უფლებამოსილებას, შინაარსობრივ საფუძველზე. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც არღვევს ბალანსს საერთაშორისო და ადგილობრივ კანონმდებლობას შორის. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები რუსეთში აღარ იმოქმედებს. ამასთან, რუსეთს არც ერთი რეზოლუციით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში. გთხოვთ, შემომიერთდეთ ამ საჩივარში“, – განაცხადა ზინგერისმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2019 წლის 25 ივნისს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელმაც რუსეთის დელეგაციას საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნების საშუალება მისცა.

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ასამბლეაში და მის ორგანოებში წევრთა ხმის მიცემის, საუბრისა და წარმომადგენლობის უფლება არ უნდა იყოს შეჩერებული.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება რუსეთის დელეგაციას 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ჩამოართვეს.

ამასთან, დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელაზე ვიცე-პრეზიდენტები დაამტკიცეს. მათ შორის იყო საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე.

საპარლამენტო ასამბელის დეპუტატებმა მხოლოდ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლის, პიოტრ ტოლსტოის კანდიდატურა გააპროტესტეს. კერძოდ, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა, მარია მეზენცევამ ტოლსტოის კანდიდატურა სიძულვილის ენის გამოყენებისა და ანტისემიტური განცხადებების გამო გააკრიტიკა. ტოლსტოის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნასთან დაკავშირებით ასამბლეაში მოგვიანებით ფარული კენჭისყრა გაიმართება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button