გახარია: სავარაუდოდ, მეგობრები წერილებით არ უნდა საუბრობდნენ

„ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება, ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, ობიექტურად განვიხილოთ, რასაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ“, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ „ქრონიკას“კონგრესმენების წერილის შეფასებისას განუცხადა. 

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, ყოველთვის მზად ვართ, ყველა თემაზე მშვიდად, წყნარად ვისაუბროთ. შეიძლება, წერილები არ არის ის ფორმა, რომლითაც სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები უნდა საუბრობდნენ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, რომ დავსხდეთ და ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება, ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, ობიექტურად განვიხილოთ, რასაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ.

რა თქმა უნდა, ისიც ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რანაირი მოტივებიც არ უნდა არსებობდეს მსგავსი წერილების, ან მსგავსი შეფასებების და ქმედებების მიღმა, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გულწრფელი ნაბიჯები საქართველოს დემოკრატიული პროცესის მხარდასაჭერად, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ აშშ მხარს უჭერს.

თუმცა შეფასებებში შესაძლოა, იყოს სუბიექტური მომენტები, რაზეც ვისაუბრებთ, ყველას ყველაფერს ავუხსნით და დავანახებთ ზუსტად ისე ობიექტურად, როგორც ჩანს თბილისიდან, ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად აღიარებენ საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს. ეს სახეზეა.

ასევე ეკონომიკური ასპექტებიც არსებობდა ამ წერილში და საქართველო დღეს რეგიონში ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად და მდგრადად ვითარდება, ამასაც ავუხსნით ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს კონკრეტული მაგალითებით, ციფრებით და კონკრეტული შედეგით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ოთხმა კონგრესმენმა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით 22 იანვარს მიმართა.

გარდა ამისა, რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი გიორგი გახარიასადმი 19 იანვარს გაგზავნილ წერილში „საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკის გაუარესებით“ შეშფოთებულია.

მანამდე კი ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერის თაოსნობით, საქართველოს პრემიერმინისტრს წერილით 2019 წლის 16 დეკემბერსაც მიმართეს და პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button