მთავარიკომენტარიოხანაშვილი - საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას ვგრძნობთ, რომლის გამოხატულებაც იყო დღეს იუსტიციის მინისტრის...

ოხანაშვილი – საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას ვგრძნობთ, რომლის გამოხატულებაც იყო დღეს იუსტიციის მინისტრის მოსვლა პარლამენტში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებული ანგარიშის განხილვა პარლამენტში პირველად მოხდა, რაც მიანიშნებს, რომ „ქართულ ოცნებას“, მისი გუნდის თითოეულ წევრს საზოგადოების წინაშე ძალიან მაღალი ანგარიშვალდებულება აქვს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც კომიტეტზე სპეციალური ანგარიშის განხილვა იუსტიციის მინისტრის მხრიდან იყო მოთხოვნილი. ყველა შევუერთდით მოთხოვნას, რომ ასეთი ანგარიში განხილულიყო, საზოგადოებას მიწოდებოდა ზუსტი და სწორი ინფორმაცია. ასეთი შემთხვევა პირველად მოხდა, რაც ძალიან მნიშვნელოვან რეალობაზე მიანიშნებს, რომ ანგარიშვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე „ქართულ ოცნებას“, მისი გუნდის თითოეულ წევრს ძალიან მაღალი აქვს“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის განმარტებით, სახალხო დამცველის ინსტიტუტის პატივისცემის და ასევე საზოგადოების წინაშე მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულება იყო პარლამენტში იუსტიციის მინისტრის მისვლაც.

„ჩვენ ჩვენი საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას ვგრძობთ. ამის გამოხატულება იყო დღეს იუსტიციის მინისტრის მოსვლა პარლამენტში და მისი მხრიდან დეტალურად საუბარი ყველა საკითხზე. ეს არის სახალხო დამცველის ოფისის და ამ ინსტიტუტის პატივისცემა. ჩვენ სახალხო დამცველს კი არ დავდევთ და ვცემთ, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა, არამედ მის ანგარიშს პატივს ვცემთ და ვაანალიზებთ“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის  თქმით, იუსტიციის მინისტრმა ყველა საკითხზე დეტალურად ისაუბრა.

ამასთან, ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მისი სატელიტი სხვა პარტიებიდან, აღნიშნული ანგარიშის განხილვას არ დაესწრნენ.

დეპუტატის აზრით, ისინი  მხოლოდ პოპულიზმით არიან დაკავებული და მათ საქმიანობას არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებებზე ზრუნვასთნ.

„დღევანდელი დღე არის მინიშნება და ხაზგასმა ჩვენი საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების, დღეს ჩვენ ვიხილეთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მისი სატელიტი სხვა პარტიებიდან, ამ ანგარიშის განხილვის დროს არ მობრძანდნენ.

ისინი „ზრუნავენ ხოლმე ადამიანის უფლებებზე“ და მაშინ, როდესაც საუბარია საკითხებზე, რომლებზეც ანგარიშში სახალხო დამცველი საუბრობს, აქ მოსვლა არ ინებეს, მათ შორის იუსტიციის მინისტრისთვის შეკითხვების დასმა. ეს უპასუხისმგებლო ჯგუფებია, რომლებიც მხოლოდ  პოპულიზმით არიან დაკავებული, რასაც არაფერი აქვს საერთო კონსტრუქციულ პოლიტიკასთან, არც ადამიანის უფლებებზე ზრუნვასთნ.

იუსტიციის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ყველა საკითხთან დაკავშირებით. ერთ-ერთი გამორჩეული მონაპოვარი ჩვენი გუნდისთვის არის ადამიანის უფლებებზე ზრუნვა, მათ შორის პენიტენციალურ დაწესებულებაში. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ იქ ადამიანის უფლებებს ვინმე რაიმე ფორმით არ იცავს,  სრულიად წარმოუდგენელია. ჩვენ ყოველთვის ვართ და ვიქნებით თითოეული ადამიანის უფლების დაცვის სადარაჯოზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, პენიტენციალურ დაწესებულებაში“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პოპულარული სიახლეები