მთავარისაზოგადოება„ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება

„ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსი შენდება, საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება. ადგილობრივმა მოსახლეობამ მშენებლობის მიმდებარედ ე.წ საგუშაგო მოაწყო, სადაც 24-საათიან რეჟიმში მორიგეობენ.

აქციის მონაწილეებს განმარტებით, გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ სასამართლოს მიმართონ. აცხადებენ, რომ მშენებლობის ნებართვის კანონიერად გაცემასთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ.

მათი შეფასებით, გუშინ სამართალდამცველებმა უკანონოდ იმოქმედეს და სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს აქციის მონაწილეები. ადგილობრივების თქმით, მათ იმედი არ აქვთ, რომ სამშენებლო კომპანია დათმობაზე წამოვა და სწორედ ამიტომ პროცესები სასამართლოს დარბაზში გადაინაცვლებს.

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივები კორპუსის მშენებლობას 10 იანვარსაც აპროტესტებდნენ. დაპირისპირება აქ რამდენჯერმე მოხდა, დღის მეორე ნახევარში, აქციის მონაწილეებმა შესასვლელის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. მანამდე კი ანალოგიური შემთხვევა აქციის მონაწილეებსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის მოხდა. ადმინისტრაციული წესით რამდენიმე ადამიანიც დააკავეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუას თქმით, ამ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა ძველი ადმინისტრაციის დროს არის გაცემული.

„ევროპული სამშენებლო კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გიორგი ბენაშვილის თქმით კი, მოსახლეობის პროტესტი აბსურდულია და კომპანიას ყველა საბუთი წესრიგში აქვს.

პოპულარული სიახლეები