ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა

ოკუპანტების მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ავრცელებს:

„ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა თავისი პრინციპული და პატრიოტული პოზიციისათვის – 1წელი და 9 თვე. ექიმის გათავისუფლებისათვის ბრძოლა გრძელდება“, – წერს დავით ასათიანი.

წინა სხდომა 13 დეკემბერს შედგა. სხდომაზე საოკუპაციო რეჟიმის მოსამართლემ ექიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

შეგახსენებთ, საოკუპაციო ძალებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

გაფრინდაშვილის ოჯახის ინფორმაციით, მისი ტყვეობაში დატოვების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button