მთავარიდღის თემალუკა სირაძე - ამ ცხოვრების დედაც - რა უძღოდა წინ ტრაგედიას (ისტორია)

ლუკა სირაძე – ამ ცხოვრების დედაც – რა უძღოდა წინ ტრაგედიას (ისტორია)

ბიჭი 15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც სიცოცხლისთვის იაშვილის სახელობის კლინიკაში იბრძოდა გუშინ გარდაიცვალა.  მანამდე მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, დღეს მოზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო, რის გამოც გუშინ საღამოს იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

ისრაელიდან მოწვეული ექიმის ზიონ ზიბლის თქმით, მომდევნო 4-5 დღე უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი. – “ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად,“ – აცხადებდა ექიმი.

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ლუკა სირაძის ძმამ მედიას უთხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ. მისივე თქმით, მის ძმას პოლიცია „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა.
შსს-ს თანახმად, ბავშვი სკოლის შენობის იერსახის დამახინჯების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ორჯერ გამოიკითხა, რაზეც შსს-მ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

“მშობლის გარეშე არასრულწლოვნის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ განხორციელებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ინსპექტორის სამსახურთან.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჩვენს მიერ უკვე გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები,”-განაცხადა ცაციაშვილმა.
ინციდენტზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, შეუჩერდათ უფლებამოსილება.
უწყება ამბობს, რომ საგამოძიებო ღონისძიებებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ატარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გაეგზავნა მოთხოვნილი მასალები.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, “მწვანე სკოლის” ინციდენტზე არასრულწლოვნის გამოკითხვაში ის გამომძიებელი მონაწილეობდა, რომელიც ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის გახმაურებულ საქმეშიც ფიგურირებს. ამის შესახებ საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩართულია პოლიციელთა მხრიდან არასრულწლოვანზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის საქმეში, რამაც მოზარდი სავარაუდოდ თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა.
2019 წლის 16 დეკემბერს ტელეკომპანია ,,იმედის“ დილის ეთერში არასრულწლოვნის საქმეზე განმარტებები გააკეთა გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა, რომელიც 2019 წლის 10 და 11 დეკემბერს მონაწილეობდა არასრულწლოვნის გამოკითხვის პროცესში. მისი განმარტებით, არასრულწლოვანზე არანაირი სახის ძალადობა არ განხორციელებულა.

აღსანიშნავია, რომ გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი ასევე ფიგურირებს 2011 წლის 26 მაისს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის საქმეში”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

„მწვანე სკოლის“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი დირექტორი ბაკურ სულაკაური ეხმაურება სკოლაში მომხდარ ინციდენტს.

“ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ შეფასებების გაკეთებისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რამდენიმე ფაქტი: შემთხვევა მოხდა ღამით. დილით სკოლაში შესულ მოსწავლეებს, მასწავლებლებს და თანამშრომლებს დახვდათ წითელი საღებავით დაზიანებული კედლები, კარადები, ნახატები, ვიდეოკამერები და სხვ. აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმ ერთ წარწერაზე, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ვიდოკამერების ჩანაწერებით ჩვენ ვერ მოვახერხეთ სკოლის ტერიტორიაზე ღამის საათებში შემოსული პირის იდენტიფიცირება. თუმცა დანამდვილებით დავადგინეთ, რომ შემოსული პირი სკოლის არც ერთი მოსწავლე, მასწავლებელი ან თანამშრომელი არ იყო. ამის შემდეგ სკოლამ იმოქმედა კანონის შესაბამისად. სკოლის დაცვის სამსახურს კანონი და სკოლის შინაგანაწესი ავალდებულებს, რომ ასეთ სიტუაციებში საპატრულო პოლიციას მიმართოს. ეს არა მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნაბიჯი, არამედ სკოლის მოსწავლეების, მათი მშობლების და თანამშრომლების ნაწილის სურვილი იყო, სკოლას კი ამის არც შესაძლებლობა ჰქონდა და არც – უფლებამოსილება.

ზოგიერთი გვაკრიტიკებს იმის გამო, რომ არ გამოვიძახეთ სოციალური სამსახური და ფსიქოლოგიური დახმარება არ გავუწიეთ მოზარდს. სკოლამ ვერ დაადგინა სკოლის ტერიტორიაზე შემოსული პირის ვინაობა და ბუნებრივია, ვერც იმას მიხვდებოდა, ეს პირი სრულწლოვანი იყო თუ არასწრულწლოვანი, სჭირდებოდა თუ არა მას ფსიქოლოგიური დახმარება. მას შემდეგ, რაც შემდგომი მოკვლევით პოლიციამ დაადგინა პირის ვინაობა, აღმოჩნდა, რომ ის „მწვანე სკოლის“ ყოფილი მოსწავლე იყო. – ” წერდა ბაკურ სულაკაური.

საქმეზე მოკვლევა დაიწყეს ფსიქო – სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგებმა. სპეციალისტები თბილისის მე-100 საჯარო სკოლასა და “მწვანე სკოლაში“ მუშაობენ. ისინი ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მოსწავლეებს ესაუბრებიან.

“ვახორციელებთ სასკოლო ინტერვენციებს, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვებში, საჭიროებიდან გამომდინარე და რადგან ჩვენი სერვისი არის კონფიდენციალური, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ,”-აცხადებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგი, ელენე ყიფიანი.

პოპულარული სიახლეები