მამუკა მდინარაძე:გერმანულ მოდელთან დაკავშირებით დღეს საუბარი არასერიოზული იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციისგან დღევანდელ შეხვედრაზე ახალ შეთავაზებას ელის. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა შეთავაზება ექნებათ ოპონენტებს, რადგან გერმანულ მოდელზე დღეს საუბარი არასერიოზული იქნება.

„არასერიოზული იქნება, თუ ისევ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ვისაუბრებთ. ამაზე აღარ გვექნება საუბარი. გახსოვთ, შემდეგ გადააკეთეს-გერმანული არა, ქართული მოდელიის მსგავსიაო. თუ ექნებათ რაციონალური წინადადებები, რომელიც შეიძლება, ჩაჯდეს კონსტიტუციაში, ჩვენ დიალოგს არ გავურბივართ. ვნახოთ, რა შეთავაზებით მოვლენ ჩვენი ოპონენტები, ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული“, – განაცხადა მდინარაძემ. 

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით მეორე შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა სასტუმრო „შერატონში“ 18:00 საათზე დაიწყება.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button