გიორგი ვაშაძე მელიაზე: მიხარია, რომ დღეს მისი ციხეში გადაყვანა არ მოხდება

„მნიშვნელოვანი შედეგია, რომ დღეს საპატიმრო სასჯელი არ იქნა მისჯილი ნიკა მელიასთან მიმართებაში“, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება აქტიური დეპუტატი პარლამენტში, რომელიც ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის მის წკიპზე დაკიდებულ უმრავლესობას.

„მასობრივი რეპრესიების ანუ ძალადობის რესურსი უფრო და უფრო ნაკლებია „ქართული ოცნების“ ხელში. ეს მნიშვნელოვანი შედეგია, რომ დღეს საპატიმრო სასჯელი არ იქნა მისჯილი ნიკა მელიასთან მიმართებაში და ადამიანურად, გულწრფელად ვამბობ, მიხარია, რომ დღეს მისი ციხეში გადაყვანა არ მოხდება. მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება აქტიური დეპუტატი პარლამენტში, რომელიც ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის მის წკიპზე დაკიდებულ უმრავლესობას, რომელიც როდის დაიშლება კაცმა არ იცის. რაც მთავარია ჩვენ სწორი გზით მივდივართ, რადგან მშვიდობიან, არაძალადობრივ პროტესტს აქვს თავის შედეგები, აქვს სრული მხარდაჭერა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საზოგადოებისგან“, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს განაჩენი გამოუტანა. კერძოდ, ნიკა მელიას 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და ამასთანავე, 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ხოლო ზურაბ ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button