ირმა ინაშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას რიტორიკის შეცვლისკენ მოუწოდებს

თუ ხელისუფლება და ოპოზიცია ილაპარაკებს, რომ არც ერთი მხარე არაფერს თმობს, ასე შეთანხმება ვერ მიიღწევა, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში.

ინაშვილს დიალოგის გაგრძელების მოლოდინი, ხოლო პოლიტიკური პროცესების ქუჩიდან პარლამენტში გადასვლის სურვილი აქვს.

„რა უნდა გააკეთოს ამისთვის ხელისუფლებამ – პირველ რიგში ის არის პასუხისმგებელი კრიზისზე. ამდენად, მან უნდა წარმოადგინოს შეთავაზება. სრულიად ამოვარდნილია კონტექსტიდან ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომ კარგი იქნება, თუ ოპოზიცია ქუჩაში დარჩება. ამ რიტორიკით ნუ ვილაპარაკებთ. მე ორივე მხარეს მოვუწოდებ, რიტორიკა შეიცვალოს, თუ გვინდა, რომ რაღაც სიკეთე გამოვადნოთ ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ინაშვილმა.

დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, „ქართული ოცნების“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ ექვსსაათიან შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი ე.წ. გერმანული მოდელი იყო.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ თქვეს, რომ გერმანული საარჩევნო მოდელი ანტიკონსტიტუციურია და ამ საკითხზე მომავალში დებატები ვეღარ გაიმართება, თუმცა პოლიტიკური კონსულტაციებისთვის ისევ მზად არიან.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობის დადგენაში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვაზე უარი თქვა და ისინი აქციებს განაგრძობენ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button