”გარეთ უსტვენს ის ხალხი, ვინც ნიჩბით ყრიდა ადამიანებს ციხეში”-თეა წულუკიანი

გარეთ უსტვენს ის ხალხი, ვინც ნიჩბით ყრიდა ადამიანებს ციხეში, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც აქციის მონაწილეები მის გარეთ გასვლას ელოდებოდნენ.

ჟურნალისტებთან საუბრისას იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე დამსწრე უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაინახეს წინა ხელისუფლების სახე.

„არამცთუ რაიმე დისკომფორტი არ არსებობს, არამედ მე და ალბათ ის ადამიანებიც ევროკავშირიდან, „იუნისფეიდან“ – ჩვენი ტრადიციული მეგობრები, ვინც დღეს ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ, ვერ ვინატრებდით ასეთ ფონს და რეკლამას, რადგან დღეს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში გაერო-ს ბავშვს უფლებების კონვენციის 30-ე წლისთავს. ვინც გარეთ სტვენს, არის ის ხალხი, ვინც ნიჩბით ყრიდა ადამიანებს ციხეში. ამიტომ, ეს ფონი სიმბოლურია. მადლობა მათ ამ ფონისთვის, რადგან ამით ჩვენ შევძელით, საზოგადოებისთვის დაგვენახვებინა, რეალურად რა იყო მათი სახე, როდესაც ბავშვებს ციხეში ყრიდნენ, როდესაც არ არსებობდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.

როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ფეხქვეშ თელავდნენ გაერო-ს ბავშვის უფლებების კონვენციას და რა ხდება დღეს, როდესაც 2015 წლიდან დღემდე გატარებული რეფორმების წყალობით, 4 000-ზე მეტი ბავშვი იქნა განრიდებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ანუ, ეს 4000 ბავშვი ჩვენი რეფორმების წყალობით არ მოხვდა ციხეში და მოხვდა საგანმანათლებლო პროგრამაში ან განრიდება-მედიაციის პროგრამაში. ისინი რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ, ეს ბავშვები მოხვდებოდნენ ციხეში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა ღონისძიების დასრულების შემდეგ ბიბლიოთეკის შენობა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე დატოვა. აქციის მონაწილეებმა ბიბლიოთეკასთან დღეს დილით, მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც პარლამენტში დღეს დაგეგმილი შეხვედრები და სხდომები დაიწყო, მათ კი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება ვერ მოახდინეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button