ივანიშვილი: 10 წელიწადში ჩვენი ეკონომიკა 2 მილიონ სამუშაო ადგილს ვერ შექმნის

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს. ამის შესახებ  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა.

ივანიშვილი დროებით გამოსავალს მოსახლეობის საზღვარგარეთ ლეგალურ დასაქმებაში ხედავს. მისი თქმით, ამისთვის განათლების რეფორმის პარალელურად ხალხის პროფესიული გადამზადება უფასოდ უნდა ხორციელდებოდეს, შემდეგ კი მთავრობამ შესაბამისი ხელშეკრულებები განვითარებულ ქვეყნებთან უნდა გააფორმოს. შედეგად მოქალაქეები საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას და საქართველოში ხშირად ჩამოსვლას შეძლებენ.

„2 მილიონ სამუშაო ადგილს საქართველოში ვერცერთი ეკონომიკა ვერ შექმნის. ამიტომ, სპეკულაციებს თავი უნდა დავანებოთ და ხალხს ღირსება დავუბრუნოთ. შედარებით ღარიბ ქვეყნებში გახიზნული ჩვენი თანამოქალაქეები შეიძლება შემობრუნდნენ, ლეგალურად პასპორტები განაახლონ და უფრო მაღალანაზღაურებად ქვეყნებში წავიდნენ და დასაქმდნენ. 2-3 წელიწადში, მე ვფიქრობ, თუმცა გარანტიებს ვერ ვიძლევი, მაგრამ 2-3 წელიწადში აბსოლუტურად რეალურია ჩვენ მივიღოთ ბალანსი. ვისაც სად უნდა იქ იმუშაოს, მაგრამ იმუშაოს ღირსეულად“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button