პანკისში სავარაუდოდ გვარებს შორის დაპირისპირების გამო ერთი დაჭრილი გარდაიცვალა

პანკისის სოფელ საკობიანოში სავარაუდოდ გვარებს შორის დაპირისპირების დროს ოთხი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრეს, მათგან ერთი გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი გვარებს შორის, ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის წარსულში მომხდარი კონფლიქტია.

ტელეკომპანია “მთავარის” ინფორმაციით კი დაპირისპირების მიზეზი ჰესის მშენებლობაა.

“დაღუპული ბიძაჩემია. აუცილებლად მინდა ვთქვა – ეს ამბავი დაიწყო ჰესის გამო. მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში საზოგადოება ხედავდა, რა პროცესი მიმდინარეობდა ხეობაში. რა თქმა უნდა, იყო ადგილობრივი ჯგუფი, რომელიც ამ ამბავს ლობირებდა, იყო გარიგებული მთავრობასთან, სუსთან, და მიზან მიმართულად, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეწეოდნენ კამპანიას მშენებლობის წინააღმდეგ… და არ ვიცი რის ფასად უნდა ყოფილი თუნდაც ერთი მსხვერპლი”, – ამბობს ტელეკომპანია “მთავართან” დაღუპულის ნათესავი.

მისი თქმით, ხელისუფლებას კომუნიკაცია უნდა ჰქონოდა საზოგადოებასთან, “აეხსნა რეალურად მოგება, ზარალი რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ხელისუფლებამ მიუშვა ეს პროცესი თავის ნებაზე და ყველაზე მძიმე შედეგი დადგა რასაც ახლა ვხედავთ”, – თქვა დაღუპულის ნათესავმა.

პოლიციას პანკისთან დამაკავშირებელი გზა გადაკეტილი აქვს. მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button