ბოლო მონაცემებით, პარლამენტთან აქციაზე 37 ადამიანია დაკავებული

ბოლო მონაცემებით, პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე 37 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მანამდე ინფორმაცია 18 დაკავებულის შესახებ ვრცელდებოდა. მათ შორის არიან ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ირაკლი ფავლენიშვილი, შოთა მათითაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, ლადო ვართანოვი და ლევან ნოზაძე.

რაც პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს, ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებულების სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი. დღეს, რუსთაველის გამზირზე დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ”-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარლამენტთან აქცია ხვალ 19:00 საათზე განახლდება. აქციის დასრულების გადაწყვეტილება აქტივისტების ნაწილმა გააპროტესტა. ისინი აცხადებენ, რომ პარლამენტის წინ მთელი ღამე დარჩებიან.

რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია.

მანამდე სპეცრაზმმა რუსთაველზე საავტომობილო გზა აქციის მონაწილეებისა და კარვებისგან გაწმინდა. სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი.

აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თბილისის მერიის შესაბამისმა უწყებებმა აქციის დაშლამდე რამდენჯერმე გააფრთხილეს.

დღეს დილით პარლამენტში დეპუტატები არ შეუშვეს. რუსთაველის გამზირი აქციის გამო 2 დღე იყო გადაკეტილი.

17 ნოემბერს, ღამე აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელები ტომრებით ჩაკეტეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს, რასაც მმართველი გუნდიდან რომან კაკულიამ უპასუხა, რომ პარლამენტის ბლოკირება დიალოგის გზას სპობს. პარალელურად აქცია გამართა „პატრიოტთა ალიანსმაც“.

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button