პარლამენტის შესასვლელ ჭიშკარს ოპოზიციამ ბოქლომი ისევ დაადო

ოპოზიციის წარმომადგენლებმა, კერძოდ კი გიორგი ვაშაძემ, პარლამენტის შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი ისევ დაადო, ოღონდ ამჯერად, ბოქლომს საქართველოს და ევროკავშირის დროშები აქვს შემოახვეული.

ოპოზიციის თქმით, ამ შემთხვევაში პოლიცია ბოქლომს ვეღარ მოხსნის, რადგან დროშის დაზიანება მოუწევს. დროშა კი სახელმწიფო სიმბოლიკაა და შესაბამისად მისი დაზიანება კანონის მიხედვით დანაშაულია.

დღეს პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატები არ შეუშვეს. რუსთაველის გამზირი უკვე მეორე დღეა გადაკეტილია.

17 ნოემბერს ღამე აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელები ტომრებით ჩაკეტეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს, რასაც მმართველი გუნდიდან რომან კაკულიამ უპასუხა, რომ პარლამენტის ბლოკირება დიალოგის გზას სპობს. პარალელურად აქცია გამართა „პატრიოტთა ალიანსმაც“.

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button