გიგი უგულავასა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა

პარლამენტთან “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავასა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გიგი უგულავას თქმით, ზუბალაშვილების ქუჩაზე პოლიციამ ის მანქანა გააჩერა, რომელშიც შეშა და აქციის მონაწილეთათვის საჭირო ნივთებია. თუმცა ასევე ითქვა, რომ ტომრებში შესაძლოა ქვიშა იყოს.

პარლამენტთან საპროტესტო აქციის ძირითადი ნაწილი დასრულდა, თუმცა ადგილზე ისევ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები და ასევე აქციის მონაწილეთა ნაწილი.

ოპოზიციის აქცია პარლამენტის წინ 15:00 საათზე დაიწყო, მოგვიანებით კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს, რასაც მმართველი გუნდიდან რომან კაკულიამ უპასუხა, რომ პარლამენტის ბლოკირება დიალოგის გზას სპობს. დღესვე აქცია გამართა „პატრიოტთა ალიანსმაც“.

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებშია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

მოგვიანებით მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button