” ვისაც პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია, უნდა ეცადოს, ვითარება არ გაამწვავოს”-გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ფიზიკურ დაპირისპირებას არ ამართლებს, თუმცა პოლიტიკოსი უნდა ცდილობდეს, ვითარება არ გაამწვავოს.

ვოლსკი ამ კომენტარით კინოთეატრ „ამირანთან“ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„არ შეიძლება ასე ცალმხრივად განხილვა. დავით ბერძენიშვილმა თქვა, რომ ლაჩრები არიან და თუ ვინმე ვაჟკაცია, გამოვიდეს, შემერკინოს და გვერდზე გავიდეთ, ასეთი ლაპარაკი იყო. მისგანაც ეს საუბარი ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს შეურაცხყოფად. ვისაც პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია, უნდა ეცადოს, რომ კი არ გაამწვავოს, არამედ შეარბილოს და პროცესებზე პოზიტიური გავლენა მოახდინოს. ამ განცხადებით ფიზიკურ დაპირისპირებას არ ვამართლებ, მაგრამ არ უნდა დავუშვათ ფიზიკური დაპირისპირება“,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კინოთეატრ „ამირანთან“ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მივიდა, რათა, როგორც აღნიშნა, გამოეხატა სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ფილმის ნახვა სურდა. ბერძენიშვილი აქციის მონაწილეებმა პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც მათ შორის თავდაპირველად სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button