არჩილ თალაკვაძე -„ჩემი პოზიცია დღესაც არის იგივე, ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისი თავი ხელოვნებაში გამოხატოს ისე, როგორც ამას მიიჩნევს საჭიროდ”

ყველა ადამიანს აქვს უფლება, ხელოვნებაში თავი გამოხატოს ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევს, – ამის შესახებ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვებთ“ პრემიერასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შეფასებისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა პოლიციელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის.

„ჩემი პოზიცია დღესაც არის იგივე, ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისი თავი ხელოვნებაში გამოხატოს ისე, როგორც ამას მიიჩნევს საჭიროდ. მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს და ჩვენს პოლიციელებს, რომლებმაც მიუხედავად დაძაბულობისა, შეძლეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ძალადობის პრევენცია. იმ ერთეულ ფაქტებზე, სადაც მოქალაქეებმა, რომლებიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ, მიმართეს ძალადობას, რეაგირება იყო მყისიერი და რა თქმა უნდა, ეს იქნება რეაგირების საგანი. ვფიქრობ, დღეს ჩვენ უფრო მეტად უნდა ვიყოთ ორიენტირებული მომავალზე, საქართველოს სჭირდება სიმშვიდე, საქართველოს სჭირდება კანონის უზენაესობა და მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური დღის წესრიგი გავატაროთ. ასეთ მოვლენებს, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, ვფიქრობ ზედმეტი დრო და ენერგია აღარ უნდა დავუთმოთ. მნიშვნელოვანია, უფლებები იყოს დაცული და სახელმწიფო ასეც გააკეთებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, უსაფუძვლოა განცხადებები, რომ ბიზნესმენი ლევან ვასაძე და პროტესტის სხვა ორგანიზატორები ხელისუფლებასთან კოორდინირებულად მუშაობენ.

„ეს არის უსაფუძვლო ბრალდება. სიმართლე არის ის, რომ სახელმწიფომ საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვა და შეძლო პრევენცია სიტუაციების, რომელიც შეიძლებოდა, ფიზიკურ კონტაქტში და დაპირისპირებაში გადაზრდილიყო. ერთეულ ფაქტებს, სადაც ამას ჰქონდა ადგილი, თვალს მედიით ვადევნებდი . პოლიციამ მოახდინა მყისიერი რეაგირება და მოხდა ამ სიტუაციების განეიტრალება. რა პასუხისმგებლობა უნდა იყოს გამოკვეთილი, ეს არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი. ამას ქვეყანაში არეგულირებს კანონი და ინსტიტუტები, რომლებიც კანონის განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button