აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სუსი ტერორიზმთან ბრძოლაში წამყვან უწყებად დაასახელა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა,  2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირებისა და გამოძიების წარმოების საკითხში და ზოგადად არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს ზოგადად შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს საქართველო, როგორც „ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის“ დიდი ხნის წევრი, განაგრძობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთელ რიგ საკითხებზე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, როგორც ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირებისა და გამოძიების კუთხით საქართველოს წამყვან უწყებაზე დაყრდნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს შემცირდა „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი. ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, სირიაში ან ერაყში იმყოფება ტერორისტული დაჯგუფებების მხარდამჭერი დაახლოებით 14 საქართველოს მოქალაქე.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კონტრტერორისტული კანონმდებლობის განმტკიცებისკენ მიმართული მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებასთან ერთად, ტერორიზმის გამოწვევებზე საპასუხოდ ერთიანი სახელისუფლებო მიდგომის აუცილებლობიდან გამომდინარე, 2018 წლის სექტემბერში, საქართველომ შექმნა უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და მათი შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელ უწყებათაშორის ჯგუფს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button