National Geographic: საქართველოს მსგავსი ადგილი დედამიწაზე არ არსებობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში National Geographic საქართველოს შესახებ მე-4 სტატიას აქვეყნებს. „ საქართველოს მსგავსი ადგილი დედამიწაზე არ არსებობს “-ამ სიტყვებით იწყება რიგით მე-4 სტატია „Off the beaten track in Georgia“ საქართველოს შესახებ.

ტურზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავტორი აარონ ჰუი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აღწერს. ჟურნალისტის თქმით, საქართველოში მოგზაურობა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს, ეს არის ქვეყანა მდიდარი კულტურით და მრავალფეროვანი ბუნებით. აარონ ჰუი სტატიას სვანეთში მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარებით იწყებს. ჟურნალისტი სვანეთის უძველეს სოფლებს, შუასაუკუნოვან კოშკებს, ველურ ბუნებასა და სვანურ სამზარეულოს აღწერს.

სვანეთის შემდეგ კი National Geographic-ის ჟურნალისტი მკითხველს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის შესახებ მოუთხრობს. „კავკასიონის მწვერვალებიდან შეგიძლიათ მარტვილის კანიონი იპოვოთ, აქ ნავით მწვანე ფერის წყალში კლდოვან ნაპირებს შორის გაისეირნებთ, ეს ადგილი დაკიდულ ბაღებს ჰგავს. აქ ჩანჩქერები ლურჯ და მწვანე ფერებად ჩამოედინება. სტატიაში National Geographic-ის ჟურნალისტი საქართველოს გურიასაც აღწერს. ჟურნალისტი მკითხველს ჩოხატაურსა და ბახმაროში მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს. National Geographic-ის სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს, ქვევრს, 8 ათასწლოვან ისტორიას, მომზადების წესებს.

სტატიის ბოლოს აარონ ჰუი საქართველოს დედაქალაქს აღწერს. ჟურნალისტის თქმით, თბილისი ყოველთვის იყო კულტურის ცენტრი, ეს ქალაქი გამორჩეულია რელიგიების, ეთნიკური ჯგუფების სიმრავლით. ჟურნალისტი აღწერს თბილისის ძველ უბნებს, არქიტექტურასა და ქალაქის ღამის ცხოვრებას. სტატიის ბოლოს კი მკითხველს ურჩევს: „როდესაც საქართველოში ჩახვალთ თავგადასავლებს ელოდეთ, არ იჩქაროთ, აქ მოხვდებით ფესტივალებზე, დააგემოვნებთ ქართულ კერძებს. იყავით მზად, რომ შეიძლება ადგილობრივებმა სიმღერა გასწავლონ. როგორი მორცხვიც არ უნდა იყოთ, მაინც იცეკვეთ, თუ უკან მოიხედავთ, დაინახავთ, რომ ცხოვრებაში მსგავსი არაფერი გადაგხდენიათ. დიახ ეს საქართველოა“, – წერს National Geographic-ის ჟურნალისტი.

National Geographic-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება, ის ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მოიცავს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ 5 სტატია გამოქვეყნდება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button