„ნუ იქნები ხისტი და სულელი” – ტრამპმა ერდოღანს გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა

სირიაში სამხედრო ოპერაციამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგას რეჯეპ ტაიფ ერდოღანს გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნ, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. 

მედია საშუალების ინფორმაციით, წერილში თეთრი სახლის ლიდერი ერდოღანს შესაძლო რისკებისა და საფრთხეების შესახებ აფრთხილებს. გარდა ამისა, ტრამპი ერდოღანს თურქეთის ეკონომიკის მოშლით ემუქრება.

“შენ არ გსურს გახდე პასუხისმგებელი ათასობით ადამიანის სისხლის ღვრაზე და მე არ მსურს გავხდე პასუხისმგებელი თურქული ეკონომიკის განადგურებაზე, მე კი ამას გავაკეთებ. ისტორია დაგიფასებს, თუკი ამას სწორად და ჰუმანურად გააკეთებ, მაგრამ შეგრაცხავს ეშმაკად, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება. ნუ იქნები ხისტი, ნუ იქნები სულელი!“, – ნათქვამია ტრამპის წერილში. 

ბოლო განცხადებაში კი ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ცდილობს თურქეთი სწორ გზაზე დააყენოს.

16 ოქტომბერს თურქეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ჩავიდნენ. ისინი ერდოღანს შეხვდებიან.

ერდოღანმა მანამდე Sky New-ს განუცხადა, რომ ის აშშ-ის ოფიციალურ დელეგაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდებოდა, თუ პრეზიდენტი ტრამპი ჩავიდოდა თურქეთში, სხვა შემთხვევაში კი დელეგაციის წარმომადგენლებს თურქეთში შესაბამისი რანგის პოლიტიკოსები უმასპინძლებდნენ.

„არ ვაპირებ მათთან საუბარს. შეხვდნენ თავისი რანგის მაღალჩინოსნებს. თუ ტრამპი ჩამოვა, მე მას დაველაპარაკები“, – განაცხადა ერდოღანმა.

აშშ-ის დელეგაციაში, რომელიც უკვე თურქეთშია, არიან: ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი რობერტ ო’ბრაიენი და სირიის საკითხებში სპეცწარმომადგენელი ჯეიმს ჯეფრი.

თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. სამხედრო მოქმედებების მსვლელობისას ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. თურქეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, ოპერაციის დაწყებიდან 653 ქურთი მებრძოლია ნეიტრალიზებული. თავის მხრივ, ქურთების ინფორმაციით, 75 თურქი ჯარისკაცი მოკლულია, კიდევ 19 კი დაიჭრა. გაეროს ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება, სულ ცოტა, 160 000 ადამიანს მოუწია. მომხდარის გამო, თურქეთში შეიარაღების ექსპორტი გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდეს, ვაშინგტონმა კი ანკარას სანქციები დაუწესა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button