სალომე ზურაბიშვილი არ ფიქრობს, რომ შეწყალების საქმეზე უნდა გამოიკითხოს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ ფიქრობს, რომ შეწყალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ გამოკითხვაზე ისიც უნდა დაიბაროს.

„არა, რატომ უნდა ვიყო?“, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვას, იყო თუ არა ის დაბარებული გამოკითხვაზე პროკურატურაში.

„რადიო თავისუფლებამ“ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულთა სიის შესახებ ვრცელს სტატია გამოაქვეყნა.

როგორც ირკვევა, 2018 წლიდან 2019 წლის 27 აგვისტომდე შეწყალებულთა შორის არის პირი, რომელიც 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის გაასამართლეს, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

ამასთან, 2018 წლის 17 დეკემბრიდან – 2019 წლის 27 აგვისტომდე შეწყალებულთა სხვა დანაშაულებია: ქურდობა, თაღლითობა, ძარცვა, მიცვალებულისადმი უპატივცემულობა, ყალბი დოკუმენტის დამზადება, სამსახურებრივი გულგრილობა, უკანონო თევზჭერა.

რაც შეეხება 2019 წლის 27 აგვისტოს შეწყალებულ ადამიანებს, მათ შორის 2 განზრახ მკვლელობისთვის არის გასამართლებული, 1 კი განზრახ მკვლელობაში დამამძიმებელ გარემოებებში. შეწყალებულების სხვა დანაშაულებია: ქურდობა, ძარცვა, ქრთამის მიცემა, ქრთამის აღება, ცივი იარაღის ტარება და სხვა.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზურაბიშვილმა მკვლელები შეიწყალა, უკმაყოფილება მოჰყვა. 29 აგვისტოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ფაქტის განმარტებას არ აპირებს, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა, შემდეგ კი შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

პრეზიდენტის მიერ სკანდალური შეწყალების საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. საქმესთან დაკავშირებით 3 ოქტომბერს ანგი ხუციშვილი და დიმიტრი გაბუნია უწყებაში ხელმეორედ დაიბარეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button