ჰაერის დაბინძურება მართლაც ძალიან საშიშია?

ტრანსპორტის საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილი ნახშირჟანგითა და მტვრის მყარი ნაწილაკებით დაბინძურებული ჰაერი, შესაძლოა, დედის მუცელში მყოფი ბავშვის ორგანიზმშიც მოხვდეს. ასეთია იმ კვლევის შედეგი, რომელიც ბელგიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს. ამ ანგარიშის მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ ფეხმძიმე ქალის მიერ ჩასუნთქული დაბინძურებული ჰაერის ნაწილაკები ხვდება არა მარტო მის ფილტვებში, არამედ ფილტვებიდან სისხლში გადადის, რის შემდეგაც შეუძლია დედის ორგანიზმსა და ნაყოფს შორის არსებული პლაცენტარული ბარიერი დაარღვიოს. ბელგიელ მკვლევართა მტკიცებით, მიკრონაწილაკების რაოდენობა, რაც მათ მიერ შესწავლილ პლაცენტებშია აღმოჩენილი, პირდაპირ არის დაკავშირებული ჰაერის დაბინძურების საერთო მაჩვენებელთან, რომელიც ფეხმძიმე ქალების საცხოვრებელ რადიუსში დაფიქსირდა.

რას ეფუძნება ეს დასკვნა?

კვლევაში გამოყენებულია აღმოსავლეთ ლიმბურგის (ბელგია) ბიობანკიდან აღებული პლაცენტის ნიმუში. ისინი მიეკუთვნება ქალებს, რომელთა საცხოვრებელ რეგიონებში ჰაერის დაბინძურების სხვადასხვა დონის მაჩვენებელია. ამ ადგილების კლასიფიკაცია ჰაერში ნახშირჟანგის კონცენტრაციისა და მსხვილი საგზაო არტერიიდან მათი დაშორების მიხედვით გაკეთდა.

პლაცენტის ნიმუშებში ნახშირჟანგის ნაწილაკების დეტექციისთვის მეცნიერებმა მათ მიერ შემუშავებული მეთოდი გამოიყენეს. მკვლევრებმა ისინი ლაზერული იმპულსებით დაასხივეს, რის შედეგადაც ნახშირჟანგის ნაწილაკები განათდა და ეს თეთრი წერტილები სწორედ ასე დათვალეს. ამ ყველაფრის შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ნახშირჟანგის ნაწილაკები მკვლევართა მიერ შესწავლილ ყველა პლაცენტაში აღმოჩნდა, როგორც დედის, ასევე ნაყოფის მხრიდან. ამასთან, ფეხმძიმე ქალის საცხოვრებელ ადგილზე ჰაერის დაბინძურების რაც უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, პლაცენტაში, ნაყოფის მხარეს, მით მეტი მიკროელემენტი აღმოჩნდა. დაბინძურებული ჰაერის მყარ ნაწილაკებს რომ ნაყოფზე ზემოქმედება შეუძლიათ, ეს ადრინდელი დასკვნების საფუძველზეც იყო ცნობილი, მაგრამ მათი უჯრედებში შეღწევის უნარი სწორედ ამ კვლევით დადასტურდა.

ბელგიელ მეცნიერთა კვლევა არც ისე ბევრი ნიმუშის საფუძველზე გაკეთდა, მაგრამ დასკვნები საკმაოდ დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ მუცლად მყოფ ნაყოფს აქვს პირდაპირი კონტაქტი იმ გარემოსთან, რომელშიც დედა ცხოვრობს. როგორ მოქმედებს ეს უკუკავშირი ჩანასახის განვითარებაზე, ჯერჯერობით უცნობია.

რომელ ნაწილაკებზეა საუბარი?

ნახშირჟანგის ნაწილაკები, რომლებიც მეცნიერებმა შეისწავლეს, საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილი ძირითადი პროდუქტია. ასეთი დაბინძურება, როგორც წესი, ტყის ხანძრების ან ღია ცეცხლზე საჭმლის მომზადების შედეგად  წარმოიშობა.

მცირე ჭვარტლი არის ერთ-ერთი იმ მყარი ნაწილაკებიდან, რომლებიც ჰაერს აბინძურებს. ამის გარდა არის სამშენებლო მტვერი, მინერალური მარილი და სითხის მიკროსკოპული წვეთი. ზოგადად ჰაერში არსებული ნაწილაკები იყოფა მსხვილ (PM₁₀) და მცირე (PM₂,₅) ჯგუფებად. ხანდახან გამოიყენება ძალიან მცირე- ნანონაწილაკები.

პირველი ჯგუფის ნაწილაკების დიამეტრი დაახლოებით 2,5-10 მიკრომეტრია (რაც ადამიანის თმის ღერზე დაახლოებით 7-ჯერ ნაკლებია). ისინი ჰაერში ჩანს როგორც შავი ნისლი, იგივე სმოგი, რომელიც ზედა სასუნთქ გზებსა და თვალს აღიზიანებს. მცირე ნაწილაკების მოცულობა 2,5-0,1 მიკრომეტრია და ისინი ფაქტობრივად, უხილავია, მაგრამ შეუძლიათ ალვეოლებში (მიკროსკოპული ბუშტუკები, რომლითაც ბრონქები ბოლოვდება) შეაღწიონ. ნანონაწილაკების დიამეტრი კი 100 ნანომეტრზე ნაკლებია და ის პოტენციურად ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია, რადგან სისხლში შეღწევა და შემდეგ ორგანოებსა და უჯრედებში გავრცელება შეუძლია.

საიდან მოდის ჰაერის დამაბინძურებელი ნაწილაკები?

სხვადასხვა ქვეყანაში დაბინძურების წყაროებიც განსხვავებულია. მაგალითად, ჩინეთსა და ინდოეთში, სადაც საჭმელს ძირითადად ღია ცეცხლზე ამზადებენ, ჭვარტლი შეშის წვისგან წარმოიქმნება. დიდ ქალაქებსა და ინდუსტრიულ ქვეყნებში დაბინძურების ძირითადი წყარო საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილი გამონაბოლქვია. ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში ჰაერის დამაბინძურებელი წვრილი ქვიშა და მტვერია. ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მნიშვნელოვან როლს სოფლის მეურნეობა ასრულებს – ამიაკის ნარჩენები ჰაერში მყარ კრისტალებს (სულფატები და ნიტრატები) აყალიბებს.

ჰაერის დაბინძურება რა საფრთხეს შეიცავს?

დაბინძურებული ჰაერის მყარი ნაწილაკების ქრონიკული ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებებთან ერთად ფილტვის კიბოს რისკს ზრდის. გარდა ამისა, ეს მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არც არის. მაგალითად, ორგანულ მიკრონაწილაკებს შეუძლიათ თავიანთი ზედაპირით შთანთქან მძიმე მეტალები, ტოქსიკური ნივთიერებები და გოგირდის დიდი რაოდენობა. ნახშირჟანგის მიკრონაწილაკები აღწევენ ალვეოლური ბარიერებით უჯრედებში ისეთი ტოქსიკური „დანამატებით“, რომელთაც სისტემური ანთებისა და სტრესის გამოწვევა შეუძლიათ.

ერთადერთი პრობლემა მყარი ნაწილაკებია?

არა. ჰაერის დაბინძურებას იწვევს ასევე გაზები, რომლებიც ენერგეტიკული სადგურებიდან, ქარხნებიდან და ავტომანქანებიდან გამოიყოფა, ისინი ატმოსფეროშიც ყალიბდება. აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო ამ ნივთიერებებს კატეგორიებად ჰყოფს. მექანიკური ნაწილაკების პარალელურად ამ ჩამონათვალში შედის ნახშირორჟანგი, ტყვია, ოზონი, ოქსიდები და ჭვარტლი. თითოეულ ამ ნივთიერებაზე არის ბევრი კვლევა, რომლებიც მიუთითებს, თუ რა გავლენა აქვთ მათ ფეხმძიმე ქალებსა და მათ მომავალ შვილებზე.

მაგალითად, შოტლანდიაში ჩატარდა ფართომასშტაბიანი კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ იქ, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მაღალი იყო, ახალშობილები ჩვეულებრივზე პატარა ზომის თავით იბადებოდნენ. ამ პროექტში 13 000-მდე ქალი მონაწილეობდა. ბოსტონის სამედიცინო ცენტრში კი ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც 5000 დედასა და ამდენივე ახალშობილს აკვირდებოდნენ. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ჰაერში ნახშირჟანგის მაღალი კონცენტრაცია ფეხმძიმე ქალებში საშვილოსნოს შიდა გარსის ანთებას იწვევს.

სად არის ყველაზე ბინძური ჰაერი?

პირველ რიგში, ეს არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და  წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 91%-ი ცხოვრობს ტერიტორიაზე, სადაც ჰაერი დაბინძურებულია.

რამდენად სერიოზულია ეს ყველაფერი?

გლობალურ ჭრილში თუ განვიხილავთ, სიტუაცია საკმაოდ რთულია. კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც მეცნიერებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე დაბინძურებული ჰაერის გავლენა შეისწავლეს, 2010 წლის განმავლობაში 3,3 მილიონი ნაადრევი სიკვდილი დაფიქსირდა. ამის მიზეზი კი ჰაერის დამაბინძურებელ ნივთიერებებსა და ნაწილაკებთან შეხება იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2016 წელს 4,4 მილიონი გახდა. მეცნიერების აზრით, თუ არაფერი შეიცვლება, 2050 წლისთვის ნაადრევი სიკვდილის რაოდენობა გაორმაგდება.

როგორ უნდა დავიცვა თავი?

ეს საკმაოდ რთულია. ამ მიმართულებით მომუშავე ამერიკული ინსტიტუტები რეკომენდაციას გასცემენ, რომ საცობში ყოფნის ხანგრძლივობა და პასიური მწეველობა მაქსიმალურად შევზღუდოთ, მტვრის ნაწილაკების თავიდან ასარიდებლად კი, საყოფაცხოვრებო აეროზოლებისა და ქიმიური საშუალებების ხშირ გამოყენებას მოვერიდოთ. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი კი გვირჩევს, რომ გადატვირთული ავტობანების სიახლოვეს ხანგრძლივად ყოფნას მოვერიდოთ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button