ომბუდსმენმა მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებული ხარვეზები გამოავლინა

საქართველოს სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს და პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით,  მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესზე დაკვირვებამ გამოავლინა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის სამართლიანად ჩატარებაზე გავლენა მრავალმა ხარვეზმა მოახდინა.

“იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ უზრუნველყო სრულყოფილად შეემოწმებინა კანდიდატების შესაბამისობა იმ საკანონმდებლო მოთხოვნასთან, რომლის მიხედვითაც მათ უნდა ჰქონდეთ უმაღლესი იურიდიული განათლება, არანაკლებ მაგისტრისა ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით. აღმოჩნდა, რომ 50 კანდიდატისაგან შემდგარ სიაშიც და პარლამენტისათვის წარდგენილ კანდიდატებს შორისაც არიან პირები, რომელთა მიერ უმაღლესი იურიდიული განათლების არანაკლებ მაგისტრის ხარისხით ქონა სათანადოდ არ არის დადასტურებული ან სერიოზულ კითხვებს წარმოშობს.

მოსამართლეების შერჩევის პროცესში თვალსაჩინო იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ორ ჯგუფს შორის არსებული დაპირისპირება. ფარული კენჭისყრებისას და კანდიდატთა ქულებით შეფასებისას, სახალხო დამცველის აპარატმა შეძლო გამოეკვეთა 10 ბიულეტენი/შეფასების ფორმა, რომელიც დამთხვევების მაღალი ხარისხით ხასიათდებოდა.

50 კანდიდატიდან 20 კანდიდატის შერჩევის მიზნით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების ანალიზისას დაფიქსირდა, რომ საბჭოს 10-მა წევრმა ხმათა მაღალი რაოდენობა მისცა 20 კონკრეტულ კანდიდატს, საშუალო რაოდენობის ხმები არავის არ მიუღია, ხოლო 18-მა კანდიდატმა ხმათა დაბალი რაოდენობა მიიღო. 10 წევრის მხრიდან ამ სტრატეგიით მოქმედებამ და კანდიდატებისათვის ხმათა საშუალო რაოდენობის მიუცემლობამ, საბჭოს დანარჩენი წევრების ხმათა თანხვედრით კანდიდატების მომდევნო ეტაპზე გადასვლის შემთხვევები გამორიცხა.

გასაკვირია საბჭოს იმ 10 წევრის გადაწყვეტილება, რომლებმაც მაღალი ქულებით შეაფასეს კანდიდატი, თუმცა ხმა არ მისცეს მას, ან პირიქით, ნაკლები ქულებით შეაფასეს კანდიდატი, თუმცა ხმა მისცეს მას. საბჭოს 10 წევრის ფარგლებში ასეთი 4 კანდიდატი გამოიკვეთა”,- აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის ბოლოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს პარლამენტს, მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გამორიცხავს თვითნებობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღებისას, უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტის აცილების მაღალ სტანდარტს, ღია კენჭისყრას, გადაწყვეტილებების დასაბუთებასა და მათი გასაჩივრების შესაძლებლობას.

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი 2019 წლის 6 მაისიდან 6 სექტემბრამდე წარიმართა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო. წინა დღეების განმავლობაში პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში უკვე მოუსმინეს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს: შოთა გეწაძეს, მერაბ გაბინაშვილს, თამარ ალანიას, მირანდა ერემაძეს, მამუკა ვასაძესა და მაია ვაჩაძეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button