ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს უძლიერესი ადამიანის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა

პლანეტის უძლიერესმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ  ბრწყინვალედ იასპარეზა თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში დამთავრებულ მსოფლიო ჩემპიონატზე და ზედიზედ მესამედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული ყველაზე პრესტიჟულ – ზემძიმე წონით კატეგორიაში (+109 კგ). ამას გარდა, ლაშამ ატაცში, აკვრასა და ორჭიდში მსოფლიოს 7 რეკორდი  დაამყარა, რაც თავისთავად უნიკალური შედეგია მსოფლიო ძალოსნობის ისტორიაში.

მას შემდეგ, რაც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ შეჯიბრების წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა და წონითი კატეგორიების ახალი კლასიფიკაცია შემოიღო, მსოფლიო რეკორდების ათვლა თავიდან დაიწყო და ეს სწორედ აშხაბადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა. მძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეკორდსმენთა ახალ სიას  სათავეში ჩაუდგა ლაშა ტალახაძე და მისი პოტენციალის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, რომ ახლო მომავალში ლაშას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდეს.

ლაშა ტალახაძემ ამ ჩემპიონატზე ოქროს სამი მედალი მოიპოვა, როცა ატაცში, აკვრასა და ორჭიდში დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა ყველა მეტოქე. ატაცში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა კიდევ ერთი ქართველი მძიმეწონაოსანი ირაკლი თურმანიძე, რომელმაც ტრავმის გამო ორჭიდში ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

საინტერესოა, რომ სწორედ 2018 წლის მსოფლიო  ჩემპიონატიდან დაიწყო  ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სარეიტინგო ქულების ათვლა. საქმე ის არის, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ შეცვალა აქამდე  არსებული წესი, როცა  ოლიმპიური ლიცენზიები გუნდური ქულების ჯამური მაჩვენებლის შესაბამისად ნაწილდებოდა. ამჯერად ძალაში შევიდა ინდივიდუალური რეიტინგები, რაც იმას ნიშნავს, რომ   მომავალი ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებენ არა გუნდები, არამედ ცალკეული სპორტსმენები, რომლებიც 2018-2020  წლებში ჩასატარებელ სარეიტინგო შეჯიბრებებში ნაჩვენები შედეგებით საუკეთესო 14 ძალოსანს შორის მოხვდებიან. ოღონდ, თითოეულ ქვეყანას ოლიმპიადაზე არაუმეტეს 4 ძალოსნის წარდგენის უფლება ექნება.

 

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button