რატომ ემართებათ ბავშვებს დეპრესია და როგორ ამოვიცნოთ ის?

დეპრესია არა მარტო ზრდასრულ ადამიანებს, არამედ ბავშვებსაც შეიძლება ჰქონდეთ. თუმცა ამ შემთხვევას უფროსები ხშირად  „უზრდელობას“, „სისულელეს“ ან „გამოხტომებს“ უწოდებენ. მშობლები იმასაც ამბობენ, რომ მათი შვილები არც თუ ისე იშვიათად „გაბუტულის როლს ირგებენ“. საქმე ის არის, რომ ბავშვებისა და ზრდასრულების დეპრესიის სიმპტომები ერთმანეთისგან განსხვავდება. სწორედ ამიტომ თუ უფროსი ასაკის ადამიანების დეპრესიის დიაგნოსტირება მეტ-ნაკლებად არაპროფილირებულ სპეციალისტებს ან ახლობლებსაც კი შეუძლიათ, ბავშვების შემთხვევაში ეს გაცილებით რთული პროცესია.

რატომ ემართებათ ბავშვებს დეპრესია?

ბავშვებში დეპრესიის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მაპროვოცირებელი ფაქტორია ძალადობა. ეს შეიძლება იყოს სკოლაში ჩაგვრა ან სხვა ჯგუფური თუ ოჯახური ძალადობა (მოზარდის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს პარტნიორის ძალადობაც). ოჯახურ ძალადობაში იგულისხმება არა მარტო ფიზიკური ზეწოლა, არამედ დამცირება, დაცინვა, ემოციის გამოხატვის აკრძალვა და სხვ. ეს არის ფსიქოლოგიური და ემოციური ძალადობის ფორმებია, რომლებიც ბავშვის ფსიქიკაზე გამოუსწორებელ გავლენას ახდენს.

თუმცა არსებობს ძალადობის სხვა ფორმებიც. ოჯახში, სადაც ძალაუფლების დისბალანსია, ბავშვი ამ სიტუაციის ტყვეობაში ექცევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მთელ მსოფლიოში პარტნიორულ ურთიერთობაში მყოფი ქალების თითქმის მესამედზე პარტნიორი ძალადობს. ასეთ სიტუაციაში ბავშვი ხშირად შეუმჩნეველი რჩება და ის შესაბამის დახმარებას ვერ იღებს. მსგავს მდგომარეობას სპეციალისტები „გვერდით ზიანს“ (collateral damage) უწოდებენ.

ძალადობის მოწმეს შიშისა და განგაშის შეგრძნების პაალელურად ეუფლება ის შეგრძნებები, რომლებსაც არაპირდაპირი მსხვერპლი განიცდს. უფრო მეტიც, ძალიან ხშირად ოჯახში მიმდინარე მოვლენებში ბავშვი საკუთარ თავს მიიჩნევს დამნაშავედ და ეს მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

დეპრესიის გამომწვევი სხვა რისკფაქტორები ასეთია:

– მემკვიდრეობითობა, მათ შორის ოჯახის წევრების ფსიქიკური დაავადება;

– ქრონიკული დაავადება;

– პრობლემის რეალური მასშტაბის გაზვიადებისკენ ან მათზე „ჩაციკლვისკენ“ მიდრეკილება;

– ემოციების მართვასთან დაკავშირებული სირთულეები;

– აკადემიური ცოდნისა და უნარის უკმარისობა;

– არასასურველი ცხოვრებისეული მოვლენები (მშობლების განქორწინება, ახლობლის სიკვდილი, მეგობრის დაკარგვა, საცხოვრებელი ადგილის იძულებით შეცვლა);

– სხვა ფსიქიკური დარღვევა. მაგალითად, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, შფოთვითი აშლილობა ან ყურადღების დეფიციტის სინდრომი.

როგორ გავიგო, რომ ჩემს შვილს დეპრესია აქვს?

დეპრესიის სიმპტომები ბავშვის ასაკსა და მისი განვითარების დონზეა დამოკიდებული. მაგალითად, დეპრესიის მქონე 5 წლის ბავშვი და 15 წლის მოზარდი, როგორც წესი, აბსოლუტურად განსხვავებულად იქცევიან. ასევე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მცირეწლოვანი ბავშვი თავის გრძნობებსა თუ ემოციებს ზუსტად ვერ აღწერს და არც დაწყებითი კლასის ყველა მოსწავლეს აქვს უნარი, თავისი განწყობის შესახებ სწორად ილაპარაკოს. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ტრადიციული გაგებით, ის ნაკლებ „დეპრესიული“ იქნება გარეგნულად. სწორედ ამიტომ ძალიან მარტივია საბავშვო დეპრესია და სხვა სახის ქცევითი დარღვევა ერთმანეთში აგერიოთ (მაგალითად, ყურადღების დეფიციტის სინდრომი).

ბავშვის დეპრესიული მდგომარეობის ძალიან მნიშვნელოვანი და მძიმე გამოხატულება არის სუიციდური აზრები, ამის შესახებ ხმამაღალი განცხადებები და თვითდაზიანება. ეს სიმპტომები 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშიც გვხვდება, ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვის ნებისმიერი სუიციდური გამოთქმა დიდ ყურადღებას მოითხოვს, მაშინაც კი, როდესაც მსგავსი ქცევა თქვენ, როგორც მშობელს, „მანიპულატორულად“ გეჩვენებათ.

„უმჯობესია, საერთოდ არ ვიყო!“, „ნეტავ ყველაფერი დასრულდეს!“, „ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით დავასრულებდი!“ – ეს ის ფრაზებია, რომლებიც მშობელმა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს. სუიციდური ქცევა დეპრესიასთან რომ მჭიდროდ არის დაკავშირებული, დღეს უკვე ამაზე არავინ დავობს.

თვითმკვლელობის 95%-ს ჩადიან ის ადამიანები, რომლებსაც ფსიქიკური აშლილობა აქვთ და უმრავლეს შემთხვევაში ეს დეპრესიულ ეპიზოდებს უკავშირდება.

სუიციდური აზრების პარალელურად, დეპრესია შემდეგი ფორმებითაც ვლინდება:

– ბავშვი გაღიზიანებულია, თქვენ მას შეამჩნიეთ აგრესიული ქცევა, უმნიშვნელო მიზეზის გამო ტირის ან გულგატეხილია;

– შეწყვიტა იმ წრეზე სიარული, რომელიც ძალიან უყვარდა ან აღარ ხვდება იმ მეგობრებს, რომლებთანაც ადრე დროს სიამოვნებით ატარებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძველი ინტერესები დაკარგა;

– ბავშვს გაუჩნდა ფიზიკური სიმპტომები: მუცლის ტკივილი, გულისრევა, თავის ტკივილი, გადაღლილობა;

– ძილთან დაკავშირებით პრობლემები დაეწყო: გვიან იძინებს, ღამე ხშირად ეღვიძება ან დილით წუწუნებს, რომ ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს საერთოდ არ უძინია;

– მადა დაკარგა ან პირიქით, უზომოდ ბევრს ჭამს;

– დაკარგა კონცენტრაციის უნარი;

– ბავშვი ცოტას მოძრაობს ან პირიქით, ჰიპერაქტიური გახდა;

– მას გაუჩნდა დანაშაულის შეგრძნება, ფიქრობს, რომ „რაღაც ცუდი მოხდება“, დარდობს, რომ არავის უყვარს ან საკუთარი თავისადმი სიძულვილს განიცდის;

– ბავშვს შეამჩნიეთ აგრესია, ისტერიკა, ფორიაქი მშობლებთან განშორებისას (ყველაზე ხშირად დედასთან).;

– ბავშვმა სწავლა შეწყვიტა.

ხომ შეიძლება ეს ყველაფერი მხოლოდ ცუდი განწყობა ან მანიპულაცია იყოს?

დიახ, მაგრამ ეს შეიძლება დეპრესიაც იყოს. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სიმპტომები 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება. თუ დეპრესიას არ უმკურნალებთ, ამან, შესაძლოა, მძიმე შედეგებამდე მიგიყვანოთ:

დეპრესიული ეპიზოდის გამეორება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ბავშვს მკურნალობის კურსი არ გაუვლია. სწორედ ამიტომ დეპრესიის ცალკეული ეპიზოდი, დიდი ალბათობით,  მომავალშიც განმეორდება.

პრობლემები ურთიერთობებში. დეპრესია სოციალური კავშირების ჩამოყალიბებაზე უარყოფითად აისახება. ასეთ დროს ბავშვს კონტაქტის დამყარება უჭირს. მას სხვა ადამიანების ნდობა ან მათთვის ემოციების გაზიარება არ შეუძლია.

სარისკო და დაუფიქრებელი საქციელი. დეპრესიის მქონე ბავშვები ხშირად ეხვევიან ავანტიურაში, რომელსაც სხვა სიტუაციაში თავიდან აუცილებლად აირიდებდნენ. ეს შეიძლება იყოს სახლიდან წასვლა, მიტოვებული ნაგებობის შესწავლა ან „ცუდი კომპანიონების“ შერჩევა.

ფსიქოატიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენება. ალკოჰოლი, სიგარეტი, აკრძალული ნივთიერებები – ეს არის ის, რასაც ბავშვები და მოზარდები გამოუვალ სიტუაციაში მიმართავენ, რათა როგორმე თავიანთი განწყობა აიმაღლონ.

ადრეულ ასაკში დეპრესიას შეუძლია ადამიანს სამყაროს შესახებ უარყოფითი წარმოდგენა ან ზოგადად, ნეგატიური აზროვნება ჩამოუყალიბოს. ეს კი მას დანაშულის მუდმივ შეგრძნებას, თავდაჯერებულობის ნაკლებობასა და წარმოქმნილი პრობლემების ვერ გადაწყვეტისკენ მიდრეკილებას უყალიბებს.

ესე იგი, ნებისმიერ შემთხვევაში ექიმს უნდა მივმართოთ?

დიახ. ფსიქოთერაპევტს ან ფსიქიატრს, რომელსაც ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. საბავშვო დეპრესიის დიაგნოსტიკა რთული პროცესია და არ არსებობს არანაირი ობიექტური ანალიზი ან კვლევა, რომელიც ზუსტად შეძლებდა პასუხის გაცემას – აქვს თუ არა ბავშვს დეპრესია. ამიტომ მეტი სიზუსტისთვის შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე ვიზიტი და კლინიკური ფსიქოლოგის მიერ ჩატარებული ღრმა პათოფსიქოლოგიური კვლევა. საბოლოო დიანოზის დასასმელად კი, სპეციალისტი ცხოვრების ანამნეზს დეტალურად ამოწმებს, პაციენტის ოჯახურ სიტუაციას აფასებს, ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების მოსაზრებებს ისმენს და მიღებაზე ბავშვის ქცევას აკვირდება. ხშირად ძალიან გამოსადეგია პაციენტის მეგობრების ან სასწავლო დაწესებულების წარმომადგენელთა მოსაზრებები (მასწავლებლები, დახასიათება სკოლიდან).

ჩემს შვილს ანტიდეპრესანტებით უნდა ვუმკურნალო?

მსუბუქი დეპრესიის დროს ფსიქოთერაპიაც საკმარისია. სხვა შემთხვევაში კი ამ პროცესს ანტიდეპრესანტები ემატება: ჩვეულებისამებრ, რეკომენდებულია სწორედ ეს მეთოდები. დეპრესიის დროს ბავშვებს ენიშნებათ ისეთი ჯგუფის ანტიდეპრესანტები, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (ისინი ზემოქმედებენ ისე, რომ სეროტონინი ტვინში უფრო დიდხანს მოქმედებს).

მკურნალობა დიდხანს გრძელდება?

ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ კურსი, სულ ცოტა, ნახევარ წელიწადს გრძელდება. გარკვეული ფაქტორები კი მის ხანგრძლივობაზე დადებითად მოქმედებს. მაგალითად:

– დეპრესიის თანამდევი დაავადებების არ არსებობა;
– იუმორის გრძნობა;
– მაღალი ინტელექტი;
– საკუთარი ემოციების მართვის კარგი უნარი;
– პრობლემებთან გამკლავებისა და მათზე კონცენტირების უნარი;
– კარგი მეგობრული კავშირები;
– ახლო ურთიერთობა ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრთან;
– სოციალური წარმატება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button