ზურაბიშვილს სურს აშშ-ს საქართველოში კონფლიქტების საკითხებში წარმომადგენელი ჰყავდეს

“ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები გაყინულია. ინციდენტების პრევენციის მექანიზმი ძალიან იშვიათ შემთხვევაშია წარმატებული ტექნიკური საკითხების მოგვარებაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებთან შეხვედრაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, ამ ორივე ფორმატის მოლაპარაკებები, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, მუდმივად იშლება.

“მიმდინარე ზაფხულმა, 20 ივნისის მოვლენებმა – საქართველოს მოსახლეობის სპონტანურმა რეაქციამ და მისი უფრო ღრმა და ფართო გაღიზიანების გამოხატულებამ, აჩვენა ამ სტატუსქვოს ლიმიტი.

საზოგადოების არც ერთი ნაწილი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობა არ უნდა შეეგუოს ამ გაყინულ ვითარებასა და ჩვენი მოქალაქეების გამყოფ ხაზს, რაც ჩვენთვის განუკურნებელ ღია ჭრილობას წარმოადგენს.

ჩვენ ვხედავთ, რომ მდგომარეობა უფრო და უფრო მყიფე ხდება – მეტი პროვოკაცია, მეტი მძევლები, მეტი ინციდენტი ეს სიტუაცია ნებისმიერ დროს შესაძლოა კიდევ გამწვავდეს. ჩვენი პასუხისმგებლობა, უპირველესად, ვითარების გამწვავებისა და პროვოკაციების აცილებაა. საქართველოს პასუხი პროვოკაციებზე ორმხრივია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, ჩვენ გვჭირდება, რომ გავაგრძელოთ ვითარების მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძებნა და ამ მიმართულებით საქართველოს პოლიტიკა თავშეკავებულობის პოლიტიკაა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დამატებითი ფორმატების განხილვა უნდა მოხდეს და მაგალითად მოჰყავს აშშ-ს ან ევროკავშირის წარმომადგენლების ჩართვას საქართველოს კონფლიქტების საკითხებში, როგორც ზურაბიშვილის თქმით, უკრაინაშია:

“შეგვიძლია განვიხილოთ დამატებითი ფორმატები. მაგალითად, რატომ არ შეიძლება ჰყავდეს აშშ-ს, ან ევროკავშირს წარმომადგენელი საქართველოს კონფლიქტების საკითხებში, ისევე როგორც ესაა უკრაინის შემთხვევაში….

მთავარია, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, შევქმნათ დინამიკა და თავიდან გავაჩინოთ პერსპექტივა, რათა არ დავუშვათ, რომ უკრაინის უახლესმა კონფლიქტმა გადაფაროს, გააფერმკრთალოს, ნაკლებად აქტუალური გახადოს და გარკვეულწილად, დღის წესრიგიდან ამოაგდოს საქართველოს საკითხი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button