ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალური აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ეროვნული გვარდიის ნაკრებმა ოცეულმა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) მესამე როტაცია განახორციელა.

კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ იყო განთავსებული და ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში მისიას 6 თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა.

ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ასევე ეროვნული გვარდიის მსუბუქმა ქვეითმა ოცეულმა ჩაანაცვლა კაპიტან გენადი მახარაძის მეთაურობით.

აეროპორტში მშვიდობისმყოფელებს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი პირები და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი დახვდნენ. მათ ჯარისკაცებს მისიის წარმატებით შესრულება მიულოცეს, მადლობა გადაუხადეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.

საქართველოს თავდაცვის ძალების კონტინგენტი ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში – „ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ძალები“ (EUFOR RCA) პირველად 2014 წლის ივნისში ასეულის დონის ქვედანაყოფით ჩაერთო.

2017 წლის 31 იანვრიდან ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალ – სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) მონაწილეობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button