გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამა პარლამენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამა, რომელიც 2019-2020 წლების მთავრობის სამოქმედო გეგმაა, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. პროგრამის მოცულობა 37 გვერდამდეა. პროგრამის სამი მთავარი, ძირითადი მიმართულება უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება და განათლებაა.

პროგრამაში ვრცლად წერია გახარიას და მისი კაბინეტის გეგმების შესახებ დასაქმების, ჯანდაცვის, იძულებით გადაადგილებული პირების, ოკუპირებული რეგიონების, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, ასევე საგარეო პოლიტიკის კუთხით, მათ შორის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმისა და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების განმტკიცებისა და გაძლიერების შესახებ.

პარლამენტი საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობას ხვალიდან, 4 სექტემბრიდან დაიწყებს.

პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

მმართველმა გუნდმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ ლევან იზორიას, ის უსაფრთხოების საბჭოს მდივნად განიხილება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button