ამაზონის ტყე იწვის. რა საფრთხე ემუქრება მსოფლიოს? ფოტო

ბრაზილიაში, ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების ყველაზე ძლიერი ხანძარი უკვე მე-17 დღეა მძვინვარებს. მას ასეულობით მეხანძრე და სპეციალური ტექნიკა ებრძვის, თუმცა ამ დრომდე ცეცხლს ვერ აქრობენ.

BBC-ის ინფორმაციით, წლის განმავლობაში ბრაზილიაში ცეცხლის კერების მასობრივმა აფეთქებებმა რეკორდი მოხსნა. კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში წლის დასაწყიდან იქ 74 000-ზე მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 85%-ით აღემატება. ამის მიზეზად მშრალი სეზონი, ბუნებრივი მოვლენები თუ ადამიანთა გაუფრთხილებლობა სახელდება. თუმცა აქტივისტები მომხდარში ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს სდებენ ბრალს და აცხადებენ, რომ ის გარემოს დაცვისადმი უყურადღებობას იჩენს. ბრაზილიის პრეზიდენტი, კი ამაზონის ტყეში ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს.

ხანძრის ეპიცენტრი ბრაზილიის ჩრდილოეთია, სადაც ამაზონის შტატი და ამაზონის ტყე მდებარეობს. იქ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხანძრის შედეგად წარმოქმნილი დაკვამლიანება შტატის ფარგლებს გასცდა. სპეციალისტების თქმით, კვამლი მომწამვლელ ნივთიერებებსაც შეიცავს.

ამაზონის ტყე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია, 3 მილიონამდე ცხოველისა და მცენარის სახეობას უყრის თავს. შესაბამისად, ის დედამიწის ბიომრავალფეროვნების 10%-ის თავშესაფარია. ასევე, ამაზონში მილიონამდე ადგილობრივი მცხოვრებია. გლობალური დათბობის რეგულირებისთვის ამ ტყეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიო ეკოსისტემაში. მაგალითად, ამაზონის ტყე წლიურად მილიონამდე ნახშიროჟანგს შთანთქავს და ატმოსფეროში მსოფლიოში არსებული ჟანგბადის 20%-ს გამოყოფს.

ამაზონის ტროპიკული ტყის ფართობი 7 მლნ კვ კმ-ა და ცხრა ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს. უდიდესი ნაწილი კი – 60%, ბრაზიალიაშია. შესაბამისად,  ამაზონის ტყე პლანეტის ტროპიკული ტყეების თითქმის ნახევარს და დედამიწაზე მცხოვრები ფლორისა და ფაუნის სახეობების უდიდეს კოლექციას მოიცავს.

გლობალური დათბობის შესაჩერებლად მეცნიერები ხეების დარგვის რეკომენდაციით გამოდიან. სწორედ ამიტომ, დედამიწის ფილტვებად წოდებული ამაზონის ტყის ხანძარი საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს. სპეციალისტების შეფასებით, ამ ერთ-ერთი უდიდესი ტყის განადგურება ნახშიროჟანგის რაოდენობის გაზრდას გულისხმობს, რაც დედამიწის მცხოვრებთათვის სახიფათოა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, ამაზონის ტყის ხანძრები საერთაშორისო დონის კრიზისს წარმოადგენს, რომელსაც „დიდი შვიდეულის“ სამიტის დღის წესრიგში მთავარი ყურადღება უნდა დაეთმოს.

„ჩვენი სახლი იწვის. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ამაზონის ტყე დედამიწის ჟანგბადის 20%-ს აწარმოებს და ის ახლა იწვის. ეს საერთაშორისო დონის კრიზისია. მოვუწოდებ „დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეებს, პირველ რიგში ეს საგანგებო სიტუაცია განვიხილოთ“, – დაწერა მაკრონმა Twitter-ზე.

ამაზონის ტყეებში ხანძრის გამო მთელი მსოფლიო განიცდის, Twitter-ზე ჰეშთეგი #PrayforAmazonia შეიქმნა, ჰოლივუდის მსახიობმა ლეონარდი დიკაპრიომ კი ამ ფაქტს Instagram-ზე პოსტი მიუძღვნა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button