ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გათავისუფლებულია

ერგნეთის საგუშაგოსთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გათავისუფლებულია. საგუშაგოსთან მათ შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე დახვდათ.

ვაჟა სირაძის განმარტებით, დაკავებულებმა ჯარიმა გადაიხადეს, რის შემდეგაც გათავისუფლდნენ. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გათავისუფლებული მოქალაქეები უკვე გორში იმყოფებიან – შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, გამოკითხვაზე, რის შემდეგაც ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდებიან.

ასევე, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა საქართველოს დაკავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

„მიმდინარე წლის 17 აგვისტოს სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის სამართალდამცველებმა დააკავეს სოფლების ახალუბანის, მეჯვრისხევისა და აძვის მკვიდრები, საქართველოს 8 მოქალაქე – 1985 წელს დაბადებული ზურაბ გერკეული, 1984 წელს დაბადებული ილია მიგრიჯანაშვილი, 1987 წელს დაბადებული იაკობ ვარდანოშვილი, 1994 წელს დაბადებული ლაშა გერკეული, 1988 წელს დაბადებული ილია ბაინდურაშვილი, 1989 წელს დაბადებული გიორგი ნასყიდაშვილი, 2000 წელს დაბადებული ოთარ ელიაური და 1987 წელს დაბადებული სოსო დვალიშვილი.  ცხინვალის სასამართლოს მიერ დადგენილი ჯარიმის გადახდის შემდეგ დაკავებულები ქართულ მხარეს გადაეცა“, – ნათქვამია დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button