მთავარისაზოგადოებანიკა გვარამიამ ახალი ტელევიზია ''მთავარი არხი'' დააფუძნა

ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზია ”მთავარი არხი” დააფუძნა

ნიკა გვარამიამ ახალი არხი დააფუძნა. ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„მაშ ასე, ტელეკომპანია „მთავარი არხი” დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თქვენი მონა მორჩილი.

წილების ეს კომპიზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში.

მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ“-წერს გვარამია.

 

12 აგვისტოს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ ის „რუსთავი 2“-ს ყიდის.

18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს  მიმართა.

გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს წაუყენეს. გამოძიების მტკიცებით, ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გვარამიამ ბრალის დადგენილება საჯაროდ დახია. „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი მოწმის სტატუსით საქალაქო სასამართლოში 2 აგვისტოს დაკითხეს.

პოპულარული სიახლეები