კახა კალაძემ ომში დაღუპულ მებრძოლებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო

დედაქალაქის მერი

დედაქალაქის მერმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მუხათგვერდის ძმაა სასაფლაოზე მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

კახა კალაძის განცხადებით, ქართველი ერი არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის განვითარებითა და ეკონომიკური წინსვლით აღადგენს.

„2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. ომმა უამრავი უდანაშაულო ადამიანის და ჩვენი გმირი ჯარისკაცების სიცოცხლე შეიწირა. 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დავკარგეთ ტერიტორიები, ადამიანებმა დაკარგეს მამა-პაპისეული საფლავები, სალოცავები, დავკარგეთ ძალიან ბევრი სოფელი. ძალიან მძიმეა ის შედეგები, რაც აგვისტოს ომმა მოგვიტანა. თუმცა, ქართველი ერი არასდროს შეეგუება ოკუპაციას. ჩვენ თავისუფლებისმოყვარე ხალხი ვართ და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ქართველი ერი ყველაფერს გააკეთებს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენი ქვეყნის გაერთიანება უნდა მოხდეს გონიერებით, განათლებით, განვითარებით, ეკონომიკური წინსვლით. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2-ათასამდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130-ათასი ადამიანი – ეს 2008 წლის ომის შედეგია.

ზუსტად 11 წლის წინ საოკუპაციო რეჟიმმა 50-ზე მეტი ქართული სოფელი გაანადგურა. ამ დრომდე რუსი სამხედროები აკონტროლებენ 100-ზე მეტ ქართულ სოფელს, სადაც მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ მოსახლეობას საკუთარ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილება ეზღუდება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button