28 ივლისს ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაცია ჰეპატიტის მსოფლიო დღეს აღნიშნავს

ჰეპატიტების მსოფლიო დღის წლევანდელი სლოგანია: ”იცოდე ჰეპატიტის შესახებ – იმოქმედე ახლავე”.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, განახორციელონ ეფექტური ქმედებები, რაც ხელს შეუწყობს დაავადების შესახებ ცოდნის გაუმჯობესებას და გაზრდის ტესტირებისა და მკურნალობის სერვისებზე წვდომას. დღესდღეობით 20-დან მხოლოდ ერთმა ადამიანმა თუ იცის იმის შესახებ, რომ ვირუსული ჰეპატიტი აქვს და 100-დან მხოლოდ ერთი ადამიანი მკურნალობს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიოში, დაახლოებით 400 მილიონი ადამიანია ინფიცირებული B და C ჰეპატიტებით, რაც 10-ჯერ მეტია აივ-ინფიცირებულთა რაოდენობაზე. გამოთვლილია, რომ 2013 წელს ამ დაავადებით დაახლოებით 1.45 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

ამავე ორგანიზაციის ცნობით, 2016 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე, 194 ქვეყნის მთავრობამ მიიღო ვირუსულ ჰეპატიტებზე გლობალური ჯანმრთელობის სექტორის პირველი სტრატეგია და შეიმუშავა გლობალური მიზნები. სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია 2020 წლისთვის B და C ჰეპატიტების მქონე 8 მილიონი ადამიანის მკურნალობა. ხანგრძლივვადიანი მიზანი კი არის ვირუსული ჰეპატიტის ახალი ინფექციების 90%-ით შემცირება და ვირუსული ჰეპატიტით გამოწვეული სიკვდილობის 65%-ით შემცირება 2030 წლისთვის.

”სტრატეგია ამბიციურია, თუმცა მიზნების მისაღწევად საჭირო ხელსაწყოები შემუშავებულია. B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა და მკურნალობა უკვე არსებობს. მართალია არ არსებობს C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა, მაგრამ ბოლო წლებში გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი მის მკურნალობაში. ე.წ. პირდაპირი მოქმედების ორალური მედიკამენტების შექმნამ, პოტენციურად შესაძლებელი გახადა პაციენტთა 90%-ზე მეტის განკურნება 2-3 თვის განმავლობაში. თუმცა, ბევრ ქვეყანაში არსებული პოლიტიკა, რეგულაციები და მედიკამენტების მაღალი ფასები მიუწვდომელს ხდის მკურნალობას დაავადებულთა უმეტესობისათვის”, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button