”ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში გამოდის, რომ ირაკლი ოქრუაშვილი თაღლითობის მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს სჩადიოდა“-თალაკვაძე

„ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში გამოდის, რომ ირაკლი ოქრუაშვილი თაღლითობის მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს სჩადიოდა“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე რუსთავი2-ის საკუთრების საკითხის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

„ოქრუაშვილი ამბობს, რომ ტელევიზიის გადასაფორმებლად ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გამოიყენა და ახლა ხალვაში ხელმოწერის ნიმუშს არ აბარებს. როგორც ვნახეთ, ქიბარ ხალვაში მივიდა ხელმოწერის დასატოვებლად.

აქედან გამომდინარე, თუ დადასტურდა ხელმოწერის ნამდვილობა, მაშინ გამოდის, რომ ოქრუაშვილი თაღლითობის მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს სჩადიოდა, რადგან მან თქვა, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს სხვა ადამიანის გამოყენებით გარკვეული აქტივები გაიფორმა.

თუ ეს ხელმოწერა არ დადასტურდება, მაშინ გამოდის, რომ ოქრუაშვილი ფულს ათეთრებდა, ვინაიდან მან თქვა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაფორმალური ბერკეტებით იზიდავდა რესურსებს და ამით იყიდა ტელევიზია. ამიტომ ეს ადამიანი მომავალში ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი ვერ იქნება. მას ან ერთი, ან მეორე დანაშაული აქვს ჩადენილი“, – განაცხადა თალაკვაძემ „ქრონიკის“ ეთერში.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ექსპერტიზის ბიუროში ხელმოწერის ნიმუში 24 ივლისს დატოვა. ხალვაშმა თქვა, რომ ოქრუაშვილმა კეთილდღეობისთვის შეიძლება, ყველაფერი იკისროს.

„მითხრეს, რომ გააკეთებენ ხელმოწერის ანალიზს და მხოლოდ მაშინ ჩამბარდება, როცა ფულს გადავიხდი. ახლა ოქრუაშვილისგან ველოდები რამე ძღვენს, რომ მივიდე, ადრე გადავიხადო და მიიღოს პასუხი. შემიძლია, გვიან გადავიხადო.

ოქრუაშვილზე საუბარი არ მინდა, მისი ბავშვის ნათლია ვარ, რასაც ვიტყვი ძალიან მძიმე იქნება მისთვის, იმ ბავშვს გულს დავწყვეტ, ღმერთის მეშინია.

უბრალოდ, ოქრუაშვილი არის ბოლო კაცი, ნაძირალა, არის გაუმაძღარი ადამიანი, რომელმაც კეთილდღეობისთვის შეიძლება, ყველაფერი იკისროს. ეს არის ჩემი ბოლო კომენტარი,“ – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

თავის მხრივ, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეა და ტელეკომპანიის 100%-იანი წილი ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა, თუმცა კომპანიის დღევანდელი მფლობელი ამ დოკუმენტს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.

დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობასთან დაკავშირებით განცხადება 24 ივლისს ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა მიხეილ ქარელმა გააკეთა. მისი განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გააყალბა და მზად არის, ამასთან დაკავშირებით ჩვენებაც მისცეს.

18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button