„ ხელისუფლება ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება მოცემულ ვითარებაში“

მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას, – ეს განცხადება საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსაც და საქართველოში მყოფ ტურისტებსაც მიმართა.

„ჩვენი ქვეყნის გარეთ: მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას: არ აჰყვეს ესკალაციას, პარადოქსი იქნება თუ მეზობელი ქვეყანა მისივე დახასიათებით, “რადიკალური” ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და ამით მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს. აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად. მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში: მე თქვენი პრეზიდენტიც ვარ და თქვენი კეთილდღეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცი, რომ ხელისუფლება ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება მოცემულ ვითარებაში, რათა გააგრძელოთ მშვიდად და სტაბილურად ცხოვრება. მივმართავ ჩვენს სტუმრებს, საქართველო ისტორიულად ტოლერანტობის სიმბოლოა და არ დავუშვებთ, რომ ეს ტრადიცია დაირღვეს. ქვეყნისთვის ყველაზე დაძაბულ პერიოდშიც კი არ მომხდარა არც ერთი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს თუ უცხოელ სტუმრებს. ეს ასე გაგრძელდება“, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button