კომუნიკაციების კომისია: იმას, რაც “რუსთავი 2”-ის ეთერით ვიხილეთ არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან

კომუნიკაციების ეროვნული კომისია სამაუწყებლო კომპანია “რუსთავის-2”-ის გადაცემა P.S-ის გუშინდელ ეთერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“მიგვაჩნია, რომ იმას, რაც 7 ივლისს “რუსთავი 2”-ის ეთერით ვიხილეთ, არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან. ასეთი ფორმით და შინაარსით აზრის გამოხატვა არაეთიკური და უხამსია. სიძულვილის ენის შემცველი, ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობის მაპროვოცირებელი განცხადებები სერიოზული საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის.

ამასთან, ჟურნალისტის მიერ შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული განცხადებების გაკეთება სცდება საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ პროფესიულ ჩარჩოებს, რაც აზიანებს მთლიანად ქართულ მედიას და ახდენს ჩვენი ჟურნალისტების დისკრედიტაციას.

იმ ფონზე, როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი მართლაც ფასდაუდებელი მონაპოვარია, მიუღებელი და დაუშვებელია, სწორედ გამოხატვის თავისუფლების სახელით ხდებოდეს მსგავსი ტიპის უხამსი და სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელი განცხადებების გაკეთება. კომუნიკაციების კომისია დარწმუნებულია, რომ მედია, ჟურნალისტები და მთლიანად საზოგადოება, ვისაც სწორედ ეთიკური, პროფესიული და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა მიაჩნია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტად, აქტიურად დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და ადეკვატურად შეაფასებენ “რუსთავი 2”-ის ეთერში მომხდარ ფაქტს”, – წერია განცხადებაში.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „P.S“-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის გაღიზიანება და აქცია მოჰყვა.

„რუსთავი 2“-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.

გაბუნიას მონოლოგი გააკრიტიკა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button