გია ვოლსკი:პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება ყველანაირ ჩარჩოებს სცდება

პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება სცდება არა მარტო ქართულ და კავკასიურ, არამედ ზოგად ცივილიზაციურ ჩარჩოებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რაც გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში საზოგადოებამ იხილა, არ არის არც ჟურნალისტური და არც კერძო ტელეკომპანიის სარედაქციო ექსცესი – ეს არის მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი, რომლის საინფორმაციო ფრონტი მათ მიერვე მიტაცებული ტელევიზია – „რუსთავი 2“-ზე გადის და სრულად ჯდება ზიზღის, სიცრუისა და ძალადობის პარტიული მანქანის სარედაქციო პოლიტიკაში.

ვოლსკის თქმით, ამის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება ტელეკომპანიის დირექტორის და იმავდროულად „ნაციონალური“ მმართველობის პერიოდის პროკურორის ნიკა გვარამიას საეთერო პრაქტიკაა.

„მათ საზოგადოება უკვე შეაჩვიეს პირდაპირი ეთერიდან დედის გინებას, მათ შორის ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მაგრამ პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება სცდება არა მარტო ქართულ და კავკასიურ, არამედ ზოგად ცივილიზაციურ ჩარჩოებს. ამის ჩამდენი თავად აყენებს თავს ცივილიზაციის მიღმა.

უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია, რაც „რუსთავი 2“-ის ეთერში იხილა ქართულმა საზოგადოებამ, წარმოადგენს ქართველი სამართალდამცავების მიერ აღკვეთილი სახელმწიფო გადატრიალების ხელახალ მცდელობას, რაც მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას, სახელმწიფოთა შორის კონფლიქტის ახალი ტალღის წარმოშობას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნას, სანქციების პროვოცირებას. ეს განცხადება პირდაპირი და გარდაუვალი რისკის ქვეშ აყენებს რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.

სახეზეა მცდელობა, რომ ამ პროვოკაციაზე ხელისუფლების და საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია სიტყვის თავისუფლებაზე შეტევად გაასაღონ. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად არის დაცული და სწორედ ხელისუფლებაა ამ თავისუფლების გარანტი – ჩვენ ქვეყანასაც დავიცავთ, ხალხსაც და სახელმწიფოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივასაც. დარწმუნებულები ვართ, საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს მიმდინარე მოვლენებს და შესაბამის დასკვნებს გააკეთებს“, – განაცხადა ვოლსკიმ

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button