თალაკვაძე ოპოზიციას პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესში ჩართვას სთავაზობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესში ჩართვას სთავაზობს.

შესაბამისი განცხადება პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მმართველმა გუნდმა, დავარეგისტრირეთ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული საარჩევნო სისტემით, ე.წ. ბუნებრივი (ნულოვანი) ბარიერის პირობებში. ასევე, დაწყებულია სამუშაო პროცესი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე.

ვინაიდან, ჩვენი სურვილია, საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა იყოს რაც შეიძლება ფართო შეთანხმების საგანი და ყველა ოპოზიციურ პარტიას მიეცეს არჩევნებში თანაბარ პირობებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც წერილობით მოგვმართეს-ჩაერთონ სამუშაო პროცესში, მათ შორის მონაწილეობა მიიღონ 8 ივლისის შეხვედრაში, რომელსაც გაფართოებული შემადგენლობით ჩავატარებთ.“, – აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის განცხადებაში.

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფი  8 ივლისს შეიკრიბება. მთავარი თემა 2020 წელს პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იქნება. მმართველი პარტია მზად არის ყველა იმ ცვლილებისთვის, რომელსაც ბუნებრივი ბარიერი მოითხოვს. მათ შორის არის პარტიების დაფინანსებისა და უფასო საეთერო დროის გადანაწილების საკითხი.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს. აღნიშნული განცხადება ივანიშვილმა 24 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მმართველმა გუნდმა „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია პირველ ივლისს გამართა.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან გაერთიანებული პარტიები, ასევე „ევროპული საქართველო“ საარჩევნო სისტემაზე „ქართულ ოცნებასთან“ სასაუბროდ არ მივიდნენ.

შეკრებაზე გამოჩნდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button