ზურაბიშვილი ტელეწამყვან გაბუნიას მონოლოგზე: საქართველოსთვის უკადრებელი იკადრა

პატრიოტიზმი სხვა რამ არის და ქვეყნის ინტერესების დაცვა აგრესიით, დესტაბილიზაციით და არეულობით არ ხდება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა P.S-ის წამყვანის მონოლოგის შეფასებისას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს უწმაწური სიტყვებით, რუსულ ენაზე მიმართავდა.

განცხადება პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

მისივე თანახმად, „პრეზიდენტი გმობს ერთ-ერთი ტელეკომპანიის წამყვანის მიერ მეზობელი ქვეყნის მეთაურის პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოხსენიებას“.

„ჩვენი გზა მშვიდობიანი გზა არის, ჩვენი პერსპექტივა ევროპა, ჩვენი ძალა კი სტაბილურობა. ქვეყნის დაშლა ორ ბანაკად, გარე დაპირისპირების წაქეზება და რეგიონში დაძაბულობის გაღვივება ჩვენი მხრიდან დაუშვებელია! ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე? ყოველ შემთხვევაში ეს არის ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ! საქართველოსთვის რაც უკადრებელია, ის იკადრა! სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება ამას ჰქვია!“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button