მთავარისამართალიჭოპორტში ძაღლი მავთულით ჩამოკიდეს და ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრიეს - ელიზბარაშვილი

ჭოპორტში ძაღლი მავთულით ჩამოკიდეს და ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრიეს – ელიზბარაშვილი

თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრის ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭოპორტში ადგილობრივმა თანამზრახველთან ერთად ჰასკი მავთულით ჩამოკიდა და ხელკეტით ძვლები ჩაუმსხვრია.

მათივე ინფორმაციით, ძაღლს ძვლები აქვს ჩალეწილი და ჭამას ვერასდროს შეძლებს. თავშესაფარში აცხადებენ, რომ შესაძლოა, ძაღლის დაძინება მოუწიოთ.

გარდა ამისა, ელიზბარაშვილის თავშესაფარმა სავარაუდო მოძალადის იდენტიფიცირება მოახდინა და Facebook-ის გვერდზე მისი ფოტოც გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, ცხოველებისა და ფრინველების წამებასა და მოკვლაზე სასჯელი გამკაცრებულია.

“ცხოველის ან/და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც იწვევს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით. ცვლილებების მიხედვით, ცხოველის მოკვდინების შემთხვევა ჩაითვლება საქართველოს სისხლის სამართლის 259-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებად და აღნიშნული “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 104-ე მუხლით გათვალისწინებული აღარ იქნება.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტის თანახმად: ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, – ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო  შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე; იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთი წლიდან 2 წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

პოპულარული სიახლეები