აბაშიძე: სახელმწიფო ინსტიტუტზე, კონსტიტუციაზე თავდასხმის აღკვეთა პოლიციელის პირდაპირი ვალდებულებაა

ექსპერტმა გია აბაშიძემ, ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „პირისპირ“, 20 ივნისს პარლამენტთან განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასა და განაცხადა, რომ პარლამენტის ან სხვა სახელმწიფო შენობებზე შეტევებს ათენში და ევროპის სხვა ქალაქებშიც ყოველთვის პასუხობენ ძალით და ეს ძალა არის მტკივნეული.

ექსპერტის განცხადებით, 20 ივნისს მოხდა მრავალჯერადი, ძალისმიერი და ორგანიზებული შტურმი  პარლამენტის შენობაზე, რაზეც პოლიციამ ადეკვატური რეაგირება მოახდინა.

„ამერიკაში, ევროპაში როდესაც ხდება სახელმწიფოზე, პოლიციელებზე ძალადობა, ხდება ადეკვატური პასუხი და ეს პასუხი არის ძალადობრივი. სხვანაირად ვერ მოხდება თავდასხმის აღკვეთა და მოგერიება. ეს არის პოლიციელთა უშუალო მოვალეობა. მაგალითად ამერიკაში რამდენიმე წლის წინ  ასეთი შემთხვევა იყო: ქალმა თეთრ სახლთან გაიარა, გადაკვეთა ჯებირი, არ დაემორჩილა დაცვის მოთხოვნებს, კონგრესამდე სდიეს და სამწუხაროდ მანქანაში დამიზნებით  ჩაცხრილეს. საბედნიეროდ, მანქანაში მჯდომი ბავშვი გადარჩა, ასე რომ სახელმწიფო ინსტიტუტზე, კონსტიტუციაზე თავდასხმის აღკვეთა, ეს არის პოლიციელის პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულება. პოლიციელი იმისთვის არის დაქირავებული, რომ შეძლებისდაგვარად აიტანოს ტკივილი, თავდასხმა, მაგრამ გარკვეულწილად ყველაფრის მოთმენა არ შეიძლება. უნდა აღიკვეთოს გავეშებული შეტევები, ასეთ შეტევებს ვხედავთ ხოლმე ათენში და ევროპის სხვა ქალაქებში სადაც ყოველთვის პასუხობენ ძალით და ბუნებრივია ეს ძალა არის მტკივნეული.

საზოგადოება, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე პარტნიორ ქვეყნებში, თანხმდება და საელჩოების განცხადებებიც ვნახეთ, რომ ძალადობის წამქეზებლებიც უნდა იყვნენ გამოძიებული და ასევე ის ფაქტებიც, სადაც სავარაუდოდ უფლებამოსილების გადამეტებას ჰქონდა ადგილი. ჩვენ კონსტიტუციურ ორგანოში თუ დესტრუქციული- რევანშისტული ძალა შეიჭრებოდა, მაშინ უნდა გადამდგარიყო შინაგან საქმეთა მინისტრი. ახლა უნდა გამოვიძიოთ ის რაც მოხდა. სახალხო დამცველის ოფისი ჩართულია პროცესში ღიად და  გამჭვირვალედ. უნდა გაეცეს ყველაფერს პასუხი. გავიმეოროთ ჩვენც, ის რაც თქვა მინისტრმა გახარიამ  – გადავდგები როდესაც ქვეყანას ავაცილებ დესტრუქციას და ქვეყნის აყირავებს მცდელობებს. ამასთანავე, ბოლომდე გამოვიძიებ რა მოხდა, როგორ მოხდა, ვინ წააქეზა შტურმისთვის და ვინ გამოიყენა სავარაუდოდ გადამეტებული ძალა.

მინდა შევახსენო იმ უტიფრებს, მოკლე და შერჩევითი მეხსიერების ადამიანებს, რომლებიც ახლა დემოკრატიის მანტიით არიან და მაშინდელ რეჟიმში, რომ იყვნენ მაღალჩინოსნები – დღეს ადვოკატები არიან და უფლებადამცველები, რომ გახდნენ. შევახსენოთ მათ ეს პარალელი, 26 მაისს შტურმი არ იყო, კანონდარღვევა იყო. მართალია რამდენიმე საათში მომიტინგეებს არ უნდა დაეკავებინათ სახელმწიფო ღონისძიებისთვის განკუთვნილი რუსთაველის გამზირი, მაგრამ მათი იქიდან გაშვება შეიძლებოდა ერთი ნაკადით და არა ალყაში მოქცევით.

ჩვენ შემთხვევაში, 20 ივნისს, ჩვენ ვიხილეთ მრავალჯერადი, ძალისმიერი, ორგანიზებული შტურმი  პარლამენტის შენობასთან. ამას ღრმა და დიდი ანალიზი არ სჭირდება, რაც მოხდა 20 ივნისს. ამას ელემენტარული, ადეკვატური აღქმა უნდა მოვლენების და არა რაღაც მოჩვენებით რეალობაზე აყოლა. საზოგადოება ამას გასცემს პასუხს და უწინარესად გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი ამ წამქეზებლებს, რომლებმაც უდანაშაულო ხალხი წააქეზეს და გაუშვეს. თვითონ არც ერთს ნაფლეთიც კი არ ჰქონდათ ტანსაცმელზე, გაიქცნენ და გაქრნენ იქიდან.

საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ აქ კატეგორიულად გამორიცხულია, რომ ნებისმიერი მთავრობა – ახლანდელი, იმის შემდგომი, თუ კიდევ შემდგომი, რომ დესტრუქციულმა და რევანშისტულმა ძალებმა არ უნდა გაბედონ, რომ შეიჭრან სახელმწიფო ინსტიტუტში“,- განაცხადა აბაშიძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button